“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხაშური-მოლითის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ხარაგაული-ზესტაფონის 23-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
„იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, პორტებთან ერთად, ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს დამატებითი ტვირთის გატარების შესაძლებლობა. თავდაპირველი პროექტი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ტვირთგამტარიანობა მცირდებოდა 50%-ით. აღნიშნული პროექტით, რომელიც ჯდება დაახლოებით 700 მილიონი ლარი, სამჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი არის ადგილმდებარეობა, რომლის გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.