პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: „პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება“ - Neue Zürcher Zeitung

1-Tina-polit-3-analit-3საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. შვეიცარიულ გერმანულენოვან გამოცემაში Neue Zürcher Zeitung საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ინტერვიუ სათაურით პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება გამოქვეყნდა (ავტორები: მატიას კნეხტი, ვიქტორ მერტენი)

თინათინ ხიდაშელი პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია საქართველოდან რომელიც გვაფრთხილებს, რომ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რუსული აგრესია კვლავ გაგრძელდება, თუ ამას დასავლეთი წინ არ აღუდგება. 42 წლის იურისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. წარსულში ის ადამიანის უფლებების აქტიური დამცველი დავარდების რევოლუციისერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. თინათინ ხიდაშელი ლიბერალურირესპუბლიკური პარტიისწევრია. მან ლიბერალთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ქალბატონო მინისტრო, თქვენ მაისიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობთ. ეს ხომ უჩვეულოა ადამიანის უფლებების დამცველისთვის...

მე და ჩემი მეგობრები, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები, აქტიურად ვიყავით ჩართულები 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მოვლენებში. თუმცა,  გვსურდა დამოუკიდებლები  დავრჩენილიყავით.  2004  წელს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გავხდი. იმავე დღეს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც მისი ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაიზარდა და პრაქტიკულად მეფედ მოგვევლინა. ლიბერალური პრინციპებიდან გამიმდინარე,  ჩვენი პარტია ამ ცვლილებებს დაუპირისპირდა და სამთავრობო კოალიცია დატოვა. ყველაფერი ასე დაიწყო. 2006 წლიდან არჩევნებში ვმონაწილეობდი. ახლა კი აქ ვარ.

როგორც თავდაცვის მინისტრს, ალბათ გაწუხებთ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ომს აწარმოებს. შვიდი წლის წინ რუსეთის სამიზნე საქართველო იყო...

ეს საკითხი არა მხოლოდ მე, არამედ,  ყველა ქართველს აწუხებს. სამწუხაროდ, დღესაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები არ მიმდინარეობს,  ყოველდღიურად იტაცებენ  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსაზღვრე სოფლებიდან მოსახლეობას.  ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებს ავლებენ.

უფრო კონკერტულად როგორ ახორციელებენ მსგავს ქმედებებს?

ძირითადად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ამ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზაა  განთავსებული. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შუაგულში მდებარეობს.  აღნიშნულ ტერიტორიას ქვეყნის ცენტრალურ გზატკეცილამდე სულ რაღაც 10-20 წუთი, დედაქალაქ თბილისამდე კი ერთი საათი აშორებს.

რას აკეთებთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ?

კონფლიქტურ ტერიტორიაზე მხოლოდ უსაფრთხოების ძალები მუშაობენ.  თავდაცვის სამინისტრო ამაში ჩართული არ არის.  2008 წლის 12 აგვისტოს  ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად,  კონფლიქტურ ზონებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები  არ იმყოფებიან. რუსეთი კი შეთანხმებას მუდმივად არღვევს.

საქართველოსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას შორის გარკვეული მსგავსებაა. ორივე ქვეყანაში რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული პროცესები დაიწყო, რის შემდეგაც საქართველო და უკრაინა რუსეთის თავდასხმის ობიექტად იქცნენ. ასე ხედავთ მოვლენებს?

დიახ, ჩვენსა  და უკრაინის „ნარინჯისფერ რევოლუციებს“ შორის ერთი წელია განსხვავება.  ჩვენ ბევრი რამ გვაახლოებს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოსა და უკრაინას  განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ, ორი ქვეყანა ვგრძნობდით, რომ  იმპერიიისგან ერთსა და იმავე ზეწოლას განვიცდიდით.

თანამშრომლობთ უკრაინასთან?

სამხედრო მიმართულებით არა, მაგრამ  საქართველო  უკრაინის მხარდამჭერია და ჰუმანიტარული და სამედიცინო  კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.  ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ომში დაშავებულების მკურნალობის თაობაზე.  ავღანეთის საერთაშორისო მისიაში სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობიდან გამომდინარე, ამ კუთხით გარკვეული გამოცდილება გვაქვს.

რით განსხვავდება ორი ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთისგან?

ვფიქრობ, 2008 წელს ჩვენ მსოფლიო ვერ გამოვაფხიზლეთ. დარწმუნებული ვარ,  მაშინ საქართველოს ხელისუფლებას  დახმარება რომ ეთხოვა და მსოფლიოს საზოგადოებას ეს გაეთვალისწინებინა, დღეს უკრაინა ომს თავიდან აიცილებდა. ჩვენ  ნორმალურ მდგომარეობას თითქოს ძალიან სწრაფად დავუბრუნდით. უკრაინის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაციაა. იქნებ ამჯერად  მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით ეჭვები აღარ გაჩნდეს.

რა სურს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს?

აქ გამოსაცნობი და მისახვედრი არაფერია. ბატონი პუტინი  ყველაფერზე ნათლად მიანიშნებს.  სიტყვით გამოსვლისას, პუტინს  ისიც აქვს ნათქვამი, რომ  მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ კატასტროფად საბჭოთა კავშირის დაშლა მიაჩნია.  მას უსაუბრია  უარყოფით მხარეებზე, რაც  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნების დამოუკიდებლობამ  მოიტანა.  ეს კაცი ყოველთვის ამბობს, რას ფიქრობს. პრობლემა ის არის, რომ  ჩვენ მას სათანადოდ, სწორად  არ ვუსმენთ ან   ბოლომდე არ გვჯერა, რასაც ამბობს. რასაც პუტინი დღეს აკეთებს, მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ - ის ცდილობს  ზეწოლითა და რეპრესიებით ჩაახშოს დამოუკიდებელი ქვეყნების მისწრაფებები. პუტინს კონკრეტული დღის წესრიგი აქვს. მან იცის, რას აკეთებს. რატომ  დაიწყო პირდაპირ ომი? იმიტომ რომ დარწმუნებული იყო, ხალხი ამის საშუალებას მისცემდა.

თქვენი პასუხი რუსეთის მუქარაზე დასავლეთთან ინტეგრაცია და ურთიერთობის გაღრმავებაა, ნატოში ინტეგრაცია კვლავ რჩება საქართველოს ამოცანად?

რა თქმა უნდა,  საქართველოსთვის დღეს ეს ყველაზე აქტუალური საკითხია. ნატო მშვიდობისმყოფელი ორგანიზაცია უფროა, ვიდრე სამხედრო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრები რომ არ გამხდარიყვნენ,  პუტინი მათზე მიიტანდა იერიშს და არა უკრაინაზე. რუსეთი მსგავს მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როდესაც დარწმუნდება, რომ   დასავლეთის ცივილიზებული სამყარო მასთან ომში ჩაერთვება. ევროპაში მასთან საომრად მზად არ არიან; თუმცა უკრაინის სახით ევროპაშიც ომია.

როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი?

2008 წელს ბუდაპეშტში მიღებული  გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო  ნატოს წევრი გახდება. მომდევნო სამიტზე, რომელიც 2016 წელს ვარშავაში გაიმართება, ჩვენ სწორედ ამას მოვითხოვთ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ნათელია.  დამატებით პირობებზე მოლაპარაკებებსა და ვაჭრობას არ ვაპირებთ. ტექნიკური მოთხოვნები შევასრულეთ.  საქმე გვაქვს  პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. მე ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რაც ამ გზაზე უკან დაგვახევინებდა.

რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მოლოდინი გქონდათ, მაგრამ ასე არ მოხდა...

ვიზის ლიბერალიზაციას წლის ბოლოსთვის დაგვპირდნენ, როდესაც რამდენიმე ტექნიკურ პუნქტს, სავიზო  რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო  გეგმის მოთხოვნებს შევასრულებთ, მათ შორის მიგრაციის კანონის გაუმჯობესებაც იგულისხმება.ევროკავშირს საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდა.

არსებობს დასავლურ საზოგადოებაში საქართველოს მიღების პოლიტიკური ნება თუ დასავლეთმა საქართველოსთვის მეტი უნდა გააკეთოს?

თბილისში ჩემი საცხოვრებელი ბინის  ფანჯრიდან კავკასიონს ვხედავ. კარგი ხილვადობის პირობებში  რუსული დროშების დანახვაც შესაძლებელია. გულწრფელად ვფიქრობ და ვამბობ, რომ დასავლეთმა საქართველოსა და უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ჯარისკაცებმა საქართველოში იბრძოლონ ან მოსკოვში ბომბები ისროლონ. უბრალოდ, ვამბობთ, პოლიტიკური ნება გამოხატონ და გვაჩვენონ, რომ  ჩვენი გვერდით ყოფნა ნამდვილად სურთ.

თუ საქართველო დასავლეთთან მეტად ინტეგრაციას ვეღარ მოახერხებს, ეს პრორუსული ძალების გაძლიერებას გამოიწვევს?

არა, საქართველოს რუსეთის ნოსტალგია არ აქვს -  ასეთია უმრავლესობის პოზიცია. თუმცა, პროდასავლური ძალების გარკვეული უკუსვლა შეიმჩნევა. ამ ფონზე, გაურკვეველი პოლიტიკური ძალები ჩნდებიან ხოლმე. ზოგადად, არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არამედ, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში და სასამართლო სისტემაში.

რა როლს ასრულებს აშშ?

აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.  ქვეყანა მადლიერია  იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ ჩვენს მიმართ გამოხატავს. რთულ წლებში ამერიკიდან ბევრი ჰუმანიტარული დახმარება მივიღეთ. ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში. აშშ  სამხედრო მიმართულებითაც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს.

ახლახან ვსაუბრობდით, რომ ევროპამ უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა კი მოგვწერა, რომ ევროპა სხვა ქვეყნების საქმეებში არ უნდა ერეოდეს. რას უპასუხებდით მას?

თუ მოვლენები ასე განვითარდება, რუსეთი უკან არ დაიხევს. ასეთ  დროს რუსეთი ამოიცნობს „სუსტებს,“ ხედავს, რომ წინ მარტივი თამაში აქვს.  2008 წლის ომის შემდეგ არავის სურდა იმის დაჯერება, რომ რუსეთის მომდევნო სამიზნე უკრაინა იქნებოდა. საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებოდნენ, რომ  ჩვენ  გვეჩვენებოდა, მაგრამ ეს მოხდა. საკითხს პოლიტიკური კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის ბრძოლა ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. პუტინი ამბობს: ჩემი წესებია - კორუფცია, ტირანია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა. რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდება. ეს არის ჩემი პასუხი თქვენი მკითხველის მოსაზრებაზე.