დარბაზის შეკრების დასრულების შემდეგ კრების სათათბიროს წევრმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "სახალხო ქომაგისა" და "სახალხო პატრულის" ინსტიტუტები მოსახლეობის როგორც მორალურ, ისე, ზოგ შემთხვევაში, ფიზიკურ დაცვასაც უზრუნველყოფს". „აღნიშნული სტრუქტურების ჩამოყალიბების მთავარ მიზანს კრების სამოქმედო გეგმის განსაზღვრა წარმოადგენს, საბოლოო მიზანს კი - სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა, რისთვისაც მთავარია, ამ ხელისუფლებას მთავარი ბერკეტები გამოვაცალოთ, მათ შორის - შავი ფული, მიკერძოებული მედია და საზოგადოებაში არსებული შიში“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტებს, ის თბილისის მასშტაბით მომდევნო კვირაში შეიქმნება, უმოკლეს ვადაში კი ასეთი კომიტეტები მთელ საქართველოში იმუშავებს. როგორც სახალხო კრების წევრები აცხადებენ, კომიტეტების შექმნის მიზანია იმ შიშის გატეხვა, რომელიც ხალხში არსებობს. კომიტეტებმა საკუთარი მაგალითით უნდა აჩვენონ, რომ არ ეშინიათ იმ რეჟიმის, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლება დგას. სწორედ ამისკენ არის მიმართული მათი მოქმედებები და გეგმები.