შსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა
საქართველო, 1 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ცოლ-ქმარი -
ვახტანგ ბ. და
მარიამ გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „საქართველოს შესყიდვები“, ვებ-გვერდ „myauto.ge“-ზე განთავსებული განცხადებებით პოულობდნენ გასაყიდად გამოტანილ ავტომანქანებს, მათმესაკუთრეებს უკავშირდებოდნენ, ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები. მარიამ გ. ავტომანქანების მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა და ხელისმოწერისთანავე მანქანებს იფორმებდა შპს „საქართველოს შესყიდვების“ სახელზე. ცოლ-ქმარი ავტომანქანებს გადაფორმებისთანავე ღირებულების ნახევარ ფასად ასხვისებდნენ სხვადასხვა ლომბარდსა და ფიზიკურ პირებზე, ხოლო მიღებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და მანქანების მესაკუთრეებს კუთვნილ თანხებს არ ურიცხავდნენ. აღნიშნული სქემით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ხუთი მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 132 400 აშშ დოლარს შეადგენს.