სამართალი
6 მილიონი - თავისუფლების სანაცვლოდ

elizსიგარეტის უმსხვილესი იმპორტიორი "ელიზის" დირექტორი 6 მილიონი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ადასტურებს. მისი განმარტებით, ელიზბარაშვილს 6 მილიონის სანაცვლოდ პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი ყალბი საექსპერტო დასკვნისთვის ქრთამის გადახდაში ედება. შეგახსენებთ, რომ „ელიზის“ ხელმძღვანელი 2010 წლის 5 ივნისს დააკავეს. თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, იგი იძულებული გახდა, ექსპერტებისთვის ყალბი დასკვნა მოემზადებინა, რათა თავისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილი, რომელიც ორთაჭალის მეხუთე საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, აღნიშნული დაწესებულებიდან დაეხსნა. ელიზბარაშვილის მტკიცებით, მე-5 საპყრობილებში პატიმრებისთვის ცნობილი იყო, რომ მისი შვილი ბიზნესმენის ოჯახიდან იყო და გურამ ელიზბარაშვილს ფულს სძალავდნენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად ამ საქმეზე დაიჭირეს მისი რძალი ხატია ივანიშვილი, მეგობარი თემურ მაჭავარიანი, გურამ ელიზბარაშვილის სიმამრი ზურაბ ივანიშვილი. ელიზბარაშვილსა და მის ახლობლებს ქრთამის მიცემა ედებათ ბრალად. ამავე საქმეში ბრალდებულია ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ ქორჩილავა. მას ბრალად ედება 10 000 ლარის ოდენობის ქრთამის აღება ელიზბარაშვილებისგან.

ბრალდებულია, ასევე, ხუთი ფსიქიატრ-ექსპერტი - გიორგი ნანეიშვილი, თემურ სილაგაძე, ზურაბ ბერია, თამარ გოჩიტაშვილი და თემურ ხარებავა. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული პირებიც გირაოთი არიან გათავისუფლებულნი, თუმცა ყველა 6 მილიონის სანაცვლოდ განთავისუფლდა თუ დამატებითი თანხა გადაიხადა, ჯერჯერობით არ ხმაურდება.