უცხოეთი
პენტაგონმა რუსეთის საზღვრებთან ამერიკული ტანკების გადასროლის შესახებ განაცხადა

pentagon-zar-2-anსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. აშშ ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში განათავსებს ტანკებს, არტილერიასა და მკვიდრ სამხედრო ტექნიკას, - განცხადა ტალინში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა. მისი თქმით, ამერიკის მძიმე შეიარაღება განთავსდება ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და პოლონეთში. ტექნიკის ნაწილი ასევე დასაწყობდება გერმანიაში.

სააგენტო „როიტერი“, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გადმოსცემს, რომ განსათავსებელი ტექნიკა მოიცავს 250 ტანკს, Bradley-ს ქვეით საბრძოლო მანქანებს და თვითმავალ ჰაუბიცებს. პენტაგონის წარმომადგენელთა თქმით, თითოეულ დასახელებულ ქვეყანაში განთავსდება ტექნიკა, რომელიც აუცილებელია ასეულის ზომის ქვედანაყოფიდან დაწყებული, ბატალიონის რიცხოვნობის (750 კაცი) ეკიპირებისათვის. აღნიშნული აღჭურვილობის დიდი ნაწილი უკვე ევროპაშია.

ამერიკული ტანკების ბალტიისპირეთში განთავსების განზრახვა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რუსეთი-ნატოს 1997 წლის ფუძემდებლური აქტის დარღვევა იქნება. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ უარყო ეს ბრალდება და განმარტა, რომ საუბარია არა ძალების არსებითად გაზრდაზე, არამედ დოკუმენტით დაშვებულ კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე.