რელიგია
პატრიარქის ფონდი

fondiფონდი დაფუძნდა 2005 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც წმინდა ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
მისმა უწმინდესობამ ამ დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ აღნიშნა: ,,დღეს არის განსაკუთრებული, ისტორიული დღე. დღეს ფუძნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის. ეს იქნება ის ფონდი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა. ეს იქნება ის ფონდი, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა         განამტკიცოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვიყავით, ვინა ვართ, და ვინ უნდა ვიყოთ...
ეს ფონდი იზრუნებს არა მარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენს უნივერსიტეტებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეცნიერებს დავეხმაროთ; მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება განმტკიცდეს ჩვენში."

ანტინარკოტიკული პოლიტიკა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემის _ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამ მიზნით დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა პრობლემა: ჩატარდა ნარკომანიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა (2005 წ.);
კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა საზოგადოებაში ანტინარკოტიკული განწყობის ფორმირების სტრატეგია და შეიქმნა ფონდთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი (2007 წ.), რომლის მთავარი პრიორიტეტია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული მიდგომების კვლევა, ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოკორექციული მეთოდების შექმნა, კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება, ამ მიმართულებით მომუშავე კადრების მომზადება, სახელმძღვანელოების გამოცემა და მასმედიასთან თემატური მუშაობა.
ამავე პროგრამის ფარგლებში თბილისის თაბორის მთაზე მდებარე `ფერისცვალებისა~ და მარტყოფის `ყოველთა წმიდათას~ მონასტრების დახმარებით დაარსდა ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა ნარკოლოგიური ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრები (2006 წ.).
ამ სარეაბილიტაციო ცენტრებში ,,12 ნაბიჯის~ მეთოდის ფილოსოფიაზე დამყარებული პროგრამის საშუალებით ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ კურსს გადის სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე მრავალი ადამიანი.
2007 წელს პატრიარქის ფონდმა დააფინანსა ცენტრ ,,თაბორის~ განვითარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი.~
2006 - 2007 წლებში ფონდის დაფინანსებით `ანტინარკოტიკულმა ცენტრმა~ სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა ლიტერატურული თხზულებებისა და სახვითი ხელოვნების ნამუშევართა კონკურსი `ნარკომანია მოზარდების თვალით~.
2007 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა ანტინარკოტიკული კლიპებისათვის საუკეთესო სცენარების შესარჩევი კონკურსი.
2008 წელი – საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ანტინარკოტიკული მოძრაობა ,,დავითიანის“ პროექტი ინტელექტუალური კლუბი ,,დავითიანი“.