აქტუალური
"ისევ ბლეფშია ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია! სააკაშვილს წლები, ალასანიას კი თვეები ეყო ნათელაშვილის დონემდე ჩასასვლელად!" - ბიძინა ივანიშვილი

aqtual-1-analitსაქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში ორგანიზაცია "მოქალაქის"ახალი პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გამო გააკრიტიკა.

სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც წლები დასჭირდა, ალასანიას თვეები ეყო ნათელაშვილამდე ჩასასვლელად. აბსოლუტურად უარგუმენტოდ რასაც გინდათ იმას ამბობს ეს კაცი - ექსპერტები დაიჭირა პროკურატურამ, მოსამართლეებს აშანტაჟებს ივანიშვილი, მაფიოზი ივანიშვილი და .. ალასანია რაღაც საოცარ ხელშეკრულებას აწერდა ხელს და ამ დროს ამასაც ცრუობდა. ცრუობს და ყალბია, მისი ქმედებები ყალბია. თუ ასე გააგრძელებს, ჩვენს ალასანიას დიდი პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ე.წ კაბელების საქმეზეც ისაუბრა.

"ისევ ბლეფშია ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია. კაბელების საქმეს შევეხეთ. მინდა, რომ გავიხსენოთ ეს პროცესი, როდესაც ივნისში პროკურატურა შევიდა თავდაცვის სამინისტროში, როდესაც ალასანია გახლდათ ისევ თავდაცვის მინისტრი. დაახლოებით, სექტემბერში ალასანია აკეთებს განცხადებას, იწვევს ყრილობას, რომ ის გახდება თავმჯდომარე, რაც გასაოცარი იყო ნებისმიერი პოლიტიკოსისგან და დღეს ეს უკვე აიხსნება, რატომ გააკეთა. მან უკვე დაგეგმა, რომ პოლიტიკაში გადაეტანა ის, რაც ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში და პოლიტიკური სპეკულაციებით გადაეფარა ის რეალობა, რაც მის სამინისტროში ხდებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პროკურატურის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

„რაც შეეხება იმას, რომ დღეს ირაკლი ალასანიას უთქვამს, ივანიშვილი დამარცხდაო, მე გავეცანი, მატარებელში გავეცანი, რაც მოხდა და წავიკითხე, გადმომიგდეს სმს-ით, მანდ მოხდა ძალიან მარტივი თემა. თუ თქვენ გაიგეთ კარგად ჟურნალისტებმა, პროკურატურამ განაცხადა, რომ ძიების პროცესი დაასრულა და არ თვლის საჭიროდ პატიმრობაში ყოფნას. სასამართლო პროცესი ძირითადი დაიწყება და სასამართლო გადაწყვეტს და მე მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, ოღონდაც, ალასანიას რა უხარია ახლა, მე ვერ გავიგე და რა შუაშია, რა გაიმარჯვა და სად გაიმარჯვა”,- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ალასანიას კონკურენტად არ თვლიდა და მასთან პირადული დაპირისპირება არ ჰქონია.