უცხოეთი
ჯონ ქერიმ და იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვეს ვლადიმერ პუტინის განცხადების გამო, რომ 2015 წელს რფ-ის ბირთვული შეიარაღებული ძალები ნებისმიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დამძლევი 40 ახალი რაკეტით შეივსება

kery-zar-3საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ქერის განცხადებით, „ყოვლისშემძლე ქვეყნის ლიდერის“ ასეთი განცხადება არ შეიძლება შემაშფოთებელი არ იყოს. "ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ერთად ვმუშაობთ 1990-იანი წლებიდან ბირთვული იარაღის განადგურების საქმეში. არავის სურს ნაბიჯის უკან გადადგმა“, - განაცხადა ქერიმ. სტოლტენბერგმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთის საომარი რიტორიკა გაუმართლებელი და სახიფათოა და მადესტაბილიზებელ როლს თამაშობს“.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ 2015 წელს რუსეთის არმიის შეიარაღებას 40-ზე მეტი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა დაემატება, რომლებსაც უნარი შესწევთ დაძლიონ ნებისმიერი, ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიც კი. უწინ ნიუ იორკ თაიმსი იტყობინებოდა პენტაგონის გეგმებზე, განათავსოს მძიმე შეიარაღება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რფ-მ განაცხადა, რომ ამაზე ადექვატურ პასუხს გასცემს.