სამართალი
ეკონომიკის სამინისტრომ ირლანდიის მოქალაქეს სიღნაღში შენობა-ნაგებობა წაართვა

strassburg-courtსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ირლანდიის მოქალაქე ქიარა როზმარი სალივანს სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა წაართვა. ამის შესახებ საქინფორმს რეგიონის კორესპონდენტმა აცნობა. მისივე ინფორმაციით, როზმარის უძრავი ქონება კანონმდებლობის სრული დაცვით ჰქონდა შეძენილი, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ცოტა ხნის წინათ ისე გააუქმა, რომ სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მესაკუთრისთვის არ უცნობებია. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი კობა ბურკიაშვილიც ადასტურებს. "ირლანდიის მოქალაქეს ქონება ნამდვილად ჩამოერთვა. შესაბამისი დავალება სამინისტროდან მივიღეთ. ზუსტად არ მახსოვს, რა წერია სამინისტროს წერილში, მაგრამ საკუთრების ჩამორთმევა ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდა", - აღნიშნა ბურკიაშვილმა.

ცნობისთვის, ქიარა როზმარი სალივანს ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართოს.