საზოგადოება
იანვრიდან სახელმწიფო საბავშვო ბაღები ფასიანი გახდება

baghiმშობლებს, რომლებსაც ბავშვები სახელმწიფო ბაღებში დაჰყავთ, უკვე გამოუცხადეს, რომ იანვრიდან აღნიშნული მომსახურება ფასიანი გახდება. თუმცა საქინფორმს მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს,რომ "ეს მორიგი ჭორია, ვინაიდან დედაქალაქის მთავრობაში აღნიშნულ საკითხზე საუბარიც კი არ ყოფილა".

სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა დაწესებულებაში მასწავლებლები სხვადასხვა ფასს უკვე ასახელებენ, დაწყებული 35-დან და დამთავრებული 80 ლარით. საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღების თაობაზე თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი თინა ხიდაშელი ამბობს: ''როგორც ბაღის ასაკის ბავშვის მშობელი, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მომსახურება ფასიანი ხდება. ბაღში, სადაც ჩემი შვილი დადის, გამოგვიცხადეს, რომ მომავალი წლიდან ყოველთვიურად 35 ლარი უნდა გადავიხადოთ. ცხადია, ამ საკითხის გარკვევას ვაპირებ და ხვალ ბრიფინგსაც გავმართავ".

 

ცნობისთვის, თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში სკოლამდელი აღზრდისთვის 24 მლნ 578 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 15 მილიონით ნაკლებია.