უცხოეთი
საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი მზადაა უარი თქვას დონბასზე მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ. ამას მოწმობს სოციალური კვლევების ცენტრი „სოფიას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
ომის შეწყვეტა უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტის პრიორიტეტულ პრობლემად რესპონდენტთა 48.5%-მა დაასახელა. ამასთან, მხოლოდ 12.2%-მა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მშვიდობის დასამყარებლად. რესპონდენტთა მესამედი (33.5%) ვარაუდობს, რომ ამისათვის პრაქტიკულად არაფერი კეთდება. ნახევარი (48.7%) კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არასაკმარის ძალისხმევას ავლენს მოცემული მიზნის სარეალიზაციოდ.ომის შეწყვეტის მომხრეა, თუნდაც ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმის ფასად, რესპონდენტთა 61.8%. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 22.9%-მა, კიდევ 15.3%-მა პასუხის გაცემა ვერ შეძლო.
გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა შესაძლებლად ჩათვალა რუსეთთან მოლაპარაკებებზე წასვლა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისა და დონბასში კონფლიქტის შეწყვეტისათვის. საპირისპირო თვალსაზრისი გამოთქვა უკრაინელთა 38.65%-მა.
გამოკითხვა ჩატარდა 2015 წლის 6-18 მაისს უკრაინის ყველა ოლქში, ყირიმის გამოკლებით (უკრაინა ნახევარკუნძულს კვლავაც თავის ტერიტორიად მიიჩნევს -lenta.ru-ს შენიშვნა). დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გამოკითხვა ჩატარდა კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გამოკითხვაში 3609 რესპონდენტი მონაწილეობდა. სტატისტიკური ცდომილება 2%-ს არ აღემატება.