საზოგადოება
ქუთაისის რეაბილიტაციის შუქ-ჩრდილები

qutaisi-teatrქუთაისელი მოსახლეობა რეაბილიტაციის პრობლემას ხელისუფლების მუშაობის არაგამჭვირვალობასა და დემოკრატიის არასწორ გაგებაში ხედავს, რისი მიზეზიც, ერთის მხრივ, ხელისუფლების პიარზე აგებული პოლიტიკაა.

მათ მიაჩნიათ, რომ, რადგან თავად მოქალაქეები არიან გადასახადების გადამხდელები, მთავრობაც ვალდებულია, მათ ანგარიში ჩააბაროს.  აი, რას ამბობენ საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრებნი:
- კარგია რეაბილიტაცია, "თვალს უხარია", ლამაზია, მაგრამ აუცილებელია ფულის გონივრულად დახარჯვა. ჩვენ რომ გვქონდეს ასეულობით მილიარდი დოლარის ბიუჯეტი, მაშინ არაფერი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ფულის შოვნასაც შრომა უნდა და ფულის დახარჯვასაც, ნაწილობრივ.

- სახელმწიფოს პასუხი მოეთხოვება, რადგან ხალხია გადამხდელი და მისი დამქირავებელი. მაშინ ნუ დამიქვითავს 20% -ს და ხმას არ ამოვიღებ...მაშინ ნუ აქვთ ამხელა ხელფასები ჩემს ხარჯზე და აქაც არ ამოვიღებ ხმას...
- მთავრობაც და თვითმმართველობაც ვალდებულია, შეასრულოს ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები...

- საქმეს რომ გულგრილად ვუდგებით, იმიტომ ვართ კარგ დღეში. ერთი სიტყვით, აქ სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, ყველამ თავისი საქმის კეთება თუ არ ისწავლა და ზოგადად, დონე არ აიწია, ვიქნებით სულ მე-3 სამყაროს წარმომადგენლები.

- ამ მთავრობის გამკვირვებია, ამხელა თანხას ხარჯავს და აკეტებს უხარისხოდ! მაგრამ მერე ფულს ვინ მოტეხავს და შეჭამს?!

- ეგ სულსწრაფობის და პიარის ბრალია... აშკარაა ყველასთვის, რომ საზეიმო გახსნა სჭირდებათ და არა რეაბილიტირებული ობიექტი...

სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხების ''მიზანმიმართულ'' ხარჯვაზე ქუთათურები თავიანთ გულისტკივილს ჩვეული იუმორითაც გამოხატავენ.
ქუთაისში ირონიის თემად იქცა ქუთაისის ოპერის თეატრის ვენის ოპერასთან მსგავსების საკითხიც: ''სად ნახულობენ მსგავსებას?! ახლა ამ ვენის ოპერის ფოტოს გვერდით დავუდოთ ქუთაისის ოპერის ფოტო და დავაწეროთ: იპოვეთ 10 მსგავსება''. იპოვიან თუ არა მსგავსებას, ამას თეატრის გახსნის შემდეგ გავიგებთ. ისე კი ერთი სკამი 6 ათასი დოლარი დაჯდაო, რომ ამბობენ, ამით ქუთათურები აღფრთოვანებულნი ნამდვილად არ არიან.