საზოგადოება
2010 წელს კახეთის რეგიონში მაწანწალა ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კახეთის რაიონული საავადმყოფოებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის 3000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.
აქედან ყველაზე მეტი, 628 შემთხვევა, გურჯაანის რაიონზე მოდის. „2010 წელს საავადმყოფოში მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის 628 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია. 2009 წელს საავადმყოფოში 474 ასეთი შემთხვევა იყო რეგისტრირებული“, - განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს გურჯაანის რაიონული საავადმყოფის დირექტორმა გელა ორველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მაწანწალა ძაღლები ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც ჯგუფ - ჯგუფად დარბიან. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო განყოფილების უფროსის - ნინო ქაჩლიშვილის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში მაწანწალა ძაღლების დასაჭერად და ლიკვიდაციისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის. მისივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არც 2009 წელს იყო გათვალისწინებული.