საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასa და რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ამავე რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
რიმა ბერაძემ დამსწრე საზოგადოებას ერთი წლის მანძილზე რაიონში ჩატარებული სამუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა."ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა და საკუთარ მაჟორიტარად ამირჩია. ჩვენ, დედაქალაქის საკრებულო, თბილისის მერთან და რაიონის გამგებელთან ერთად, წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად ვმოქმედებთ და არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, სპეციალური გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვან და საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ. დღეს მე ანგარიში წარვუდგინე ჩუღურეთის მოსახლეობას და მათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების, ასევე იმ ხედვების თაობაზე ვესაუბრე, რაც რაიონში არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით გაგვაჩნია’’, - განცხადა რიმა ბერაძემ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: ავარიული შენობების გამაგრებითი და ფიროსმანის ქუჩასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა, ასევე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში - აუტიზმითა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობა და სხვა.
ამასთანავე, რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ სწორედ მოსახლეობის თანადგომითა და დახმარებით ხდება შესაძლებელი ყველა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა.
"დედაქალაქში ჩვენი მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ჯერ კიდევ არაერთი პრობლემაა გადასაჭრელი. იმედი მაქვს, რომ საკრებულოსა და მერიის ერთიანი ძალისხმევით, ასევე მოსახლეობის ჩართულობითა და თანადგომით, მათი დიდი ნაწილი ძალიან მალე მოგვარდება",– აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მიესალმა, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო და მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების პირველი პრეცედენტიც ჩუღურეთში შედგა.
"ჩვენ ვემსახურებით ხალხს და თქვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ თქვენი მაჟორიტარის, რიმა ბერაძის ძალისხმევითა და ჩვენი თანადგომით, ჩუღურეთის რაიონის ბიუჯეტი საკმაოდ გაიზარდა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების საწინდარია", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეხვედრის დასასრულს რიმა ბერაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარს - გაწეული საქმიანობისა და თანადგომისთვის - მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა.