სახალხო დამცველი: „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია“
საქართველო, 9 ივნისი,
საქინფორმი. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა. ასევე, ახალი კანონმდებლობით, სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მიეცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფოტო-გადაღების უფლებამოსილება, რაც ხელს უწყობს დარღვევების პრევენციასა და გამოვლენას. ამასთან, ჯანდაცვის პროგრამებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მსჯავრდებულთა მდგომარეობა.
ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. ადამიანის უფლებების დარღვევის ცალკეული შემთხვევების გამორიცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა სისტემის მდგრადობა ვლინდება ასეთ შემთხვევებზე მკაცრ რეაგირებაზე. ყველა აღნიშნული ცვლილება ემსახურება პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.