აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „სახელმწიფო წნეხისგან სრულად გათავისუფლდა ბიზნესი, მედია; დასრულდა საყოველთაო თვალთვალის ეპოქა და მოსახლეობაში გაქრა შიში ხელისუფლებისადმი“

aqtual-2-analit-5საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწყებს, - საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
საპარლამენტო უმრავლესობის შეჯერებული პოზიციის შესახებ კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და დაწესდება 50%-იანი ბარიერი.
კოალიციის გეგმა 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც ითვალისწინებს, რომლის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოქმედი საარჩევნო სისტემა ბოლომდე არ შეესაბამებოდა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის მას აუცილებლად გავაუმჯობესებდით. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. სწორედ ეს განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომაც, საარჩევნო კოდექსის იმ დებულებასთან დაკავშირებით, რითაც ისარგებლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას, რომელიც, შინაარსითაც და განხორციელების სქემითაც, დაეფუძნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან; ასევე, უპასუხებს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის დღევანდელ განწყობებს და ასევე საზოგადოებრივი პროცესების დინამიკას. ჩვენი ამოცანაა, საარჩევნო სისტემის რეფორმით ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციას, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების განწყობების ყველაზე უფრო ადეკვატურ ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკური კონკურენციის სამართლიანი და სტაბილური წესების დამკვიდრებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოალიციის ლიდერმა ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას ემსახურებოდა.

 სახელმწიფო წნეხისგან სრულად გათავისუფლდა ბიზნესი, მედია; რეალური ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის დასანერგად - ჩატარდა მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევნები; განხორციელდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; დასრულდა საყოველთაო თვალთვალის ეპოქა და მოსახლეობაში გაქრა შიში ხელისუფლებისადმი; მთავრობის მიერ ინიცირებულია უმნიშვნელოვანესი ცვლილებები პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე - პოლიციური და უსაფრთხოების სამსახურების ერთმანეთისგან გასამიჯნად; დამკვიდრდა სამართლიანი არჩევნების პრაქტიკა“, - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

 

უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.