აქტუალური
„ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს“ - The Wall Street Journal

Map-aqtual-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი.  „ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ნაფტალი ბენდევიდი.

სტატიაში საუბარია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტსა და საქართველოს პერსპექტივებზე.

"ნატო-ლიდერები გასული წლის უელსის სამიტზე, საქართველოს "არსებით პაკეტს" და "საბოლოო წევრობას" დაჰპირდნენ. თუმცა, საქართველო, რომელსაც ნატო-სამხედრო მისიაში სერიოზული წვლილი შეაქვს, უფრო მეტს ითხოვს. კონკრეტულად კი საქართველოს 2016 წლის ნატო-ვარშავის სამიტზე MAP-სურს, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯია. თუმცა, ზოგიერთი ნატო-წევრი სვამს კითხვას, არის თუ არა საქართველო საკმარისად დემოკრატიული", - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გუშინ გამოაქვეყნა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თინა ხიდაშელის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი საქართველოში წინასარჩევნო კამპანიის აქტიურ პერიოდში ჩატარდება, ამიტომაც ნატო-ს მიერ საქართველოსთვის MAP-ის მიუცემლობა, საქართველოს პროდასავლური პარტიებისთვის დარტყმა იქნება.

თუ პასუხი იქნება უარყოფითი ვარშავიდან - შეგიძლიათ ჩემი სიტყვა დაიმახსოვროთ, მე არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ამას ექნება დაუყოვნებლივი გავლენა არჩევნების შედეგებზე", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

სტატიის ავტორის თქმით, თუ მონტენეგრო წლის ბოლომდე ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას მიიღებს, ბევრი ექსპერტი და თინა ხიდაშელიც ფიქრობენ, რომ საქართველო შემდეგი უნდა იყოს.