უცხოეთი
საქართველომ კომენტარი გაუკეთა ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნას

miSiko-zar-1-anსაქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელია. კერესელიძის თქმით, სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების სუვერენული უფლებაა.

"მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ სუვერენული გადაწყვეტილებისა, რასაც უკრაინის ხელისუფლება იღებს და ეს არის მათი სუვერენული უფლება, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს, ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელიცაა და არც უნდა იდგეს დღის წესრიგში, ვინაიდან, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან, იმ მეგობრული, პარტნიორული ტრადიციული ისტორიული კავშირებიდან, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვს. არანაირმა სხვანაირმა ან რაღაც გადაწყვეტილებებმა არ უნდა იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე", - განაცხადა კერესელიძემ და აღნიშნა, რომ "უკრაინა დღეს არის მძიმე მდგომარეობაში. უკრაინა ომის ვითარებაშია და სჭირდება განვითარება, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და საქართველო, მისი ხელისუფლება, მისი ნებისმიერი შტო მზადაა, ყოველთვის მათ გვერდზე დაუდგეს".