დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებში რემონტი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში ყოფილი №103 პროფტექნიკური სასწავლებლის ორ კორპუსში დევნილები ზაფხულში ჩაასახლეს. თუმცა ეს კორპუსები საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო. არც წყალი, არც შუქი, არც ტუალეტი არ ჰქონდათ დევნილებს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაჰპირდა დევნილებს, რომ ოღონდ ისინი შესულიყვნენ ამ კორპუსებში და ერთ კვირაში ყველა პრობლემას მოუგვარებდა.
ამის შემდეგ მრავალი კვირა გავიდა და დევნილები ყველა ინსტანციას მიადგნენ დასახმარებლად, მაგრამ ამაოდ, მათი გამკითხავი არავინ იყო. ბოლოს ე. წ. ახალჩასახლებულებმა რესპუბლიკურ პარტიასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიაკითხეს. მათი კორპუსები ერთმანეთის გვერდით მდებარეობს. მათმა ერთობლივმა ძალისხმევამ, შეიძლება ითქვას, ნაყოფი გამოიღო. ამჟამად სოფელ ოქტომბერში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებში რემონტი მიმდინარეობს.