პოლიტიკა
საქართველო - შავ სიაში?!

black-listსაქართველო შეიძლება შავ სიაში აღმოჩნდეს. სამოქალაქო ავიაციაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე დღეს განცხადებები პარლამენტში გაკეთდა. “ქრისტიან-დემოკრატმა” ნიკა ლალიაშვილმა სამოქალაქო ავიაციაში შექმნილი ვითარება კატასტროფულად შეაფასა.
ნიკა ლალიაშვილის თქმით, საქართველო დგას ისეთი კატასტროფის წინაშე, რომლის შედეგად ვერც ერთი თვითმფრინავი ვეღარ იფრენს საქართველოს სახელით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხავენ და შავ სიაში შეიყვანენ ისევე, როგორც ეს სანაოსნოში მოხდა. ნიკა ლალიაშვილი პრობლემად იმ გარემოებას ასახელებს, რომ საქართველოში ავიაკომპანიებს დარეგისტრირებისთვის ძალიან დაბალი მოთხოვნები აქვთ.
“რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან, საეჭვო რეპუტაციის კომპანიები ჩამოდიან და რეგისტრირდებიან, მერე დაფრინავენ აფრიკაში ან სხვაგან და პანტა-პუნტით ვარდებიან, პასუხისმგებლობა კი ჩვენ გვეკისრება,” – განაცხადა ლალიაშვილმა. მისივე თქმით, პრაქტიკულად არ არსებობს ფრენებზე ზედამხედველობის სამსახური.
ოპოზიციონერი დეპუტატი გამოსავალს ევროსტანდარტებთან მიახლოებული რეგისტრირების პირობების შემოღებაში და ხელახალ სერთიფიცირებაში ხედავს.
ოპოზიცია სამოქალაქო ავიაციაში შექმნილი მდგომარეობის გარკვევას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასგან მოითხოვს და მას პარლამენტში იბარებს.