საზოგადოება
MDF-ის კვლევა: ანტიდასავლურ რიტორიკაში ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საქართველოს მიზნად არა ევრაზიული კავშირის, არამედ ევროკავშირის წევრობა მიაჩნია?!

1otCet-saz-3-an-mtსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. „მედიის განვითარების ფონდის“ 2014-2015 წლების მედიამონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკის მიხედვით ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" ლიდერობს. კვლევის თანახმად, მომდევნო ადგილებს იკავებენ: სახალხო კრება“, პატრიოტთა ალიანსი“, თავისუფალი საქართველო“ და ქართული ოცნება“.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ხუთივე შემთხვევა აფხაზეთის მთავრობას – განათლებისა და კულტურის მინისტრს (4) და აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს ხელმძღვანელს (1) უკავშირდებოდა. ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან გამოხატული 43 გზავნილიდან უმეტესობა ედუარდ შევარდნაძის მმართველობისდროინდელ (1995-2003) პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სხვა მოხელეებს უკავშირდებოდა, რომელთაგან ყველაზე მეტად ძალოვანი უწყებების (უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები) წარმომადგენლები და ყოფილი სახალხო დამცველი აქტიურობდნენ“ - ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კატეგორიაში დომინანტი თემები დასავლეთის მიერ ჰომოსექსუალობის, ინცესტის, პედოფილიისა და გარყვნილი ცხოვრების წესის „დაკანონებას“ უკავშირდებოდა. წყაროები ცდილობდნენ, დასავლეთი მართლმადიდებლობასთან მებრძოლად წარმოეჩინათ და ეს ბრძოლა განხილული იყო, როგორც მართლმადიდებელ რუსეთთან დაპირისპირება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 15 მაისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, დიმიტრი ლორთქიფანიძემ - პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის მოადგილემ - განაცხადა, რომ მათი გუნდის მიზანი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაერთიანება როდია. ლორთქიფანიძის განცხადებით, ბურჯანაძის გუნდის საოცნებო მიზანი საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანებაა (ერევა ევროკავშირში, რადგან საქართველო დიდი ხანია ევროსაბჭოს წევრია - საქინფორმი), ხოლო რუსეთთან ამ ფონზე სასურველია ურთიერთობების დარეგულირება.

კვლევა 2014 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.

მონიტორინგი 6 გაზეთის („ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, „პრაიმ ტაიმი“, „კვირის ქრონიკა“, „ალია“, „კვირის პალიტრა 2“ ); 5 ტელევიზიის („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“ და „მაესტრო“) დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და ტოქ-შოუების, ასევე მედიაკავშირ „ობიექტივისა“ და ტელეკომპანია „ტაბულას“ პრაიმ ტაიმის ტოქ-შოუების დაკვირვებას ითვალისწინებდა. მონიტორინგი 6 საინფორმაციო ვებპორტალზეც („საქინფორმი“, „ინტერპრესნიუსი“, „ნეტგაზეთი“, „პირველი“, „რეპორტიორი“, „საქართველო და მსოფლიო“) გავრცელდა.

1otCet-saz-3-an-3-1