ევროპულ ბაზარზე საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას
ევროკავშირი ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ, თუ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას არ შეასრულებს, შესაძლოა, დღის წესრიგში შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის, GSP-ის გაუქმების საკითხი დადგეს. ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბევრი შენიშვნა დაუგროვდა.
იწუნებენ შრომის კოდექსს, ამას ემატება ფიტოსანიტარული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის პრობლემები. დასავლეთი ითხოვს, რომ ხელისუფლებამ შექმნას კონკრეტული სტრუქტურა, რომელთანაც ის მოლაპარაკებებს წარმართავს. კომისიის რეკომენდაციაა ისიც,რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ აამოქმედოს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც კონკურენციის გაზრდაზე იმუშავებს.
ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო შეღავათებით ჩვენი ქვეყანა 2005 წლიდან სარგებლობს. ევროპის მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებელი დიდი არ არის, მაგრამ თუ მთავრობა ევროპის მოთხოვნებს უყურადღებოდ დატოვებს, შეიძლება ქართულმა ბიზნესმა ეს შეღავათებიც დაკარგოს.