თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა
დედაქალაქის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა. მერიაში ამ წუთებში სატრანპორტო კომისიის დახურული სხდომა მიმდინარეობს , რომელშიც მონაწილეობას საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები იღებენ.
სხდომას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. იგი სხდომის წევრებთან ერთად ტენდერის ჩატარების საკითხებს განიხილავს. სხდომის დახურვამდე უგულავამ განაცხადა, რომ ტენდერი დედაქალაქში სამარშრუტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტარდება. იგი მიზნად ისახავს თბილისში სატრანპორტო სისტემის გაუმჯობესებას, კერძოდ, იმას, რომ ტრანსპორტი იყოს კომფორტული, ითვალისწინებდეს თბილისელების ინტერესებს და არ იქმნებოდეს დედაქალაქში საცობები. მერმა აღნიშნა, რომ ტენდერი 45 დღე გაგრძელდება. ტენდერის პირობები გამოქვეყნდება პრესით და ასევე განთავსდება თბილისის მერიის პორტალზე.