პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას შეხვდა
საქართველო, 15 მაისი,
საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტულ თემებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მიზანია ახალი ინიციატივის წამოწყება, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების ხელშეწყობისკენ.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. აღინიშნა საქართველოს როლი საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.