საზოგადოება
სააკაშვილის გუნდი მოლდოვაში - არველაძე და ცხაკაია პრემიერ გაბურიჩს შეხვდნენ. რა მოსთხოვა პრემიერმა ღარიბაშვილმა მოლდოველ კოლეგას?

1kamanda-saz-3-an-2საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული რეფორმატორთა ჯგუფის წევრები - საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ცხაკაია მოლდოვას პრემიერ-მინისტრ კირილ გაბურიჩს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოლდოვაში არსებული ვითარება და ის პრობლემები, რომელიც რეფორმებს აფერხებს. რეფორმატორთა ჯგუფის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში მოწვეულნი იქნებიან ექსპერტები, რომლებიც პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

ამასთან, "პირველ რადიოს" ცნობით, 13 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვას პრემიერ კირილ გაბურიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრი ითხოვდა მოლდოვას მთავრობის მეთაურისაგან, არ შედგეს მოლდოვაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი და მოლდოვამ არ მიიღოს რეფორმებში სააკაშვილის დახმარება.

„პირველი რადიოს“ ინფორმირებული წყაროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი დაემუქრა კირილ გაბურიჩს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს მიიწვევენ მოლდოვაში რეფორმების საკითხებში მრჩევლის რანგში, მაშინ ეს ნაბიჯი ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოსა და მოლდოვას ურთიერთობებზე.

"პირველი რადიო" ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურს დაუკავშირდა. "მე არ ვფლობ ინფორმაციას მსგავსი სატელეფონო საუბრის შესახებ, თუ იქნება საჯარო ინფორმაცია ჩვენ გავავრცელებთ ამ ცნობას",- განაცხადა მანანა თოქმაჯიშვილმა.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა კიევში მოლდოვას მთავრობის ხელმძღვანელი მიიღო, რომელმაც ექსპრეზიდენტს რეფორმების გატარებაში დახმარება სთხოვა.