საზოგადოება
„ლარის კურსის დაცემაზე საშინაო ფაქტორებიც მოქმედებს“ - მეჭიაური. „ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოწვეულია გარე შოკებით“ - ხადური. ამასობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.39 ლარია

1lari-sazog-1საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ ახალი გაცვლითი კურსის დადგენის შემდეგ სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვა 2,39 ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურებში ერთი ევრო 2.71 ლარი ღირს. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ლარის კურსის დაცემაზე საგარეო ფაქტორებთან ერთად, საშინაო ფაქტორებიც მოქმედებს. უფრო დასაზუსტებლად თუ ვისი ბრალეულობაა ამაში, ჩვენ ვატარებთ საკომიტეტო მოსმენას", - აცხადებს მეჭიაური.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი კვლავ აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოწვეულია გარე შოკებით. მისივე თქმით, ლარის კურსზე, ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას. „საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა უახლოეს მომავალში კურსის დასტაბილურება მოხდეს. მეტიც, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის არათუ დასტაბილურდება, კურსმა უკან უნდა დაიწიოს. მინდა ვთქვა, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, გაცვლით კურსზე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას, ამიტომ მინდა, ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ ყველაფერზე გააკეთონ კომენტარი - მათი განცხადებები იყოს უფრო არგუმენტირებული", - დასძინა ნოდარ ხადურმა.