საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარებას“

1-germania-sazog-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და საქართველო-გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რიგის სამიტის წინ მათ ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მე ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, სადაც მქონდა ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრები, კანცლერ მერკელთან, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია; 2014 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი რესურსი, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 650-მდე მილიონ ევროს შეადგენს.