რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „NDI-ის სოცგამოკვლევის შედეგების ელემენტარული ანალიზიც კი ცხადჰყოფს, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლას ქვეყნის მოსახლეობის 58 % უჭერს მხარს“

1-iarex-polit-1-redaq-1ამერიკის სამთავრობო ორგანიზაცია „აშშ-ის ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 31% მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრებას, რომლის წევრებიც უკვე არიან რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა (და რომელსაც შემდგომში, სავარაუდოდ, შეუერთდებიან უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და მოლდოვა), აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი:

1. გამოკვლევა ჩაატარა ამერიკის სამთავრობო ორგანიზაციამ, ამიტომ, გასაგები მიზეზებით, სავარაუდოა არა მარტო ტექნიკური ცდომილება მის შედეგებში, რომელიც ნებისმიერი სოცგამოკითხვის ტექნოლოგიის არასრულყოფილებით აიხსნება. განსხვავება ევრაზიული კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის საქართველოში - 10 % - საკმაოდ ხელოვნურად გამოიყურება, თუკი გავიხსენებთ როგორც NDI-ის, ასევე IRI-ს (აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მიერ ჩატარებული წინა მსგავსი სოცგამოკვლევების ანალოგიურ შედეგებს, რაც მოცემული ბოლო გამოკვლევის ობიექტურობისადმი უნდობლობას იწვევს;

2. 31% მომხრეა ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრების, 41% - წინააღმდეგი, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოკითხულთა ეს 41% ავტომატურად საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრეა. როგორც NDI-ის გამოკვლევების შედეგების გამოქვეყნების შემდგომ დღეებში ბევრი ქართული ტელეარხის პირდაპირ ეთერში ჩატარებულმა ინტერაქტიულმა გამოკითხვებმა უჩვენა, ბევრი მოქალაქე საქართველოს ნეიტრალიტეტს, და არა ევრაზიულ კავშირს ანდა ევროკავშირს უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპული კურსის - ევროკავშირში საქართველოს შესვლის მომხრეებიც კი, პირდაპირ ტელეეთერში დარეკვისას და ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების მოწონებისას, ნატოში საქართველოს შესვლას მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ;

3. საქართველოში ცოტას თუ აქვს ინფორმაცია - რა არის ევრაზიული კავშირი და მას ევროკავშირში ურევენ (მით უმეტეს, რომ აბრევიატურა ორივეს ერთნაირი აქვს - EC), რომლის მიმართაც საქართველოში უმრავლესობის დამოკიდებულება უარყოფითია (მრავალი მიზეზით - სოფლის მეურნეობისთვის გარდაუვალი და დამღუპველი ევროპული სტანდარტები და კვოტები, ერთსქესიანი ქორწინებებისა და ლგბტ-საზოგადოებისა და საქართველოსთვის არატრადიციული რელიგიების უფლებების დაკანონება ტრადიციული ჰეტეროსექსუალური მართლმადიდებელი უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე და სხვ.);

4. არამართლზომიერია, აიძულო მოქალაქეები, შეადარონ, შეაფასონ სარგებლიანობა ერთი ან მეორე კავშირში საქართველოს გაწევრებისგან და ამით დააყენო ისინი არჩევანის წინაშე, იმიტომ, რომ ევრაზიული კავშირი (პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა კონფედერაციული კავშირი ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, ჰუმანიტარული და კულტურული სივრცით), ევროკავშირისგან განსხვავებით, მხოლოდ ახლახან შეიქმნა და ეს-ესაა ძალას იკრებს. ასევე, წინა ხელისუფლების კუთვნილი მედიის მძლავრი პროპაგანდის გათვალისწინებით, რომლებიც მიზანმიმართულად აიგივებენ ევრაზიულ კავშირს მხოლოდ რუსეთთან - „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქართული მიწების ოკუპანტთან და მის ლიდერთან - პუტინთან, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ქართველების სისხლი დაღვარა“ (თუმცა ფაქტს, რომ მაშინ რფ-ის პრეზიდენტი მედვედევი იყო, პრიმიტიული იდეოლოგები „რატომღაც“ არ ითვალისწინებენ);

5. გამოკითხულთა 27%, რომელმაც არ ისურვა თავისი არჩევანის დაფიქსირება, თამამად შეიძლება მივათვალოთ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრების მომხრე 31%-ს: 31% + 27% = 58%. მათ უბრალოდ არ სურთ ამჟამინდელი ხელისუფლების ოფიციალური საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ ღიად გამოსვლა და აგრეთვე ეშინიათ უწინდელი - პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების  დაბრუნების. ზედმეტი პრობლემებისა და შედეგების შიშით (პრორუსულობის ბრალდება, სამსახურის დაკარგვის, ანდა „ნაცმოძრაობის“ ბოევიკების მიერ შეურაცხყოფის მიყენებისა და პირდაპირ ქუჩაში საღებავების შესხმის შიშით) ამ კატეგორიამ ამჯობინა, პასუხს გარიდებოდა, თუმცა, ამასთანავე, არ შეწინააღმდეგებია თავის შინაგან არჩევანს - „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრების, ანუ - რუსეთთან მეგობრობის მომხრეობას! საქართველოში ხომ არ არიან პოლიტიკურად ამორფულები - ნებისმიერი ბებია ბაზარში ნებისმიერ ოკეანისგაღმელ პოლიტოლოგზე უკეთეს ლექციას წაგიკითხავს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი 
2015 წლის 14 მაისი,
საქართველო, თბილისი