თანაპარტიელები ზურაბ ნოღაიდელის პარტიიდან გარიცხვას ითხოვენ
“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” იმერეთის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევას და პარტიიდან ზურაბ ნოღაიდელის გარიცხვას ითხოვენ. ეს განცხადება იმერეთის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დღეს ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ნოღაიდელის პარტიის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის - ზურაბ ჯაბიძის თქმით, პარტიის ლიდერთან მათი დაპირისპირება პროგრამა “კარდაკარის” შემდეგ დაიწყო. ჯაბიძე განმარტავს, რომ ექს-პრემიერს აღნიშნული პროგრამის მონაწილეებისთვის კუთვნილი ხელფასი დღემდე არ დაურიგებია. “ბატონი ნოღაიდელი “კარდაკარის” მონაწილეებს ხელფასებს არ უხდის. ნოღაიდელმა თავისი გადაწყვეტილებით, პროგრამაში მონაწილე ხალხი ჩამოგვიშორა, პოლიტიკაში ვართ და პოლიტიკაში ვაპირებთ დარჩენას, ზურაბ ნოღაიდელმა კი იმდენი გააკეთა, რომ ამომრჩეველის გარეშე დაგვტოვა, აგიტაცია იქნებოდა ეს თუ სხვა აქცია ჩვენ მათთან მიგვესვლებოდა, ახლა კი ამის პირი აღარ გვაქვს”, - განუცხადა საქინფორმს ზურაბ ჯაბიძემ და დასძინა, რომ მხოლოდ თერჯოლის რაიონში ექს-პრემიერს “კარდაკარის” მონაწილეებისთვის 7000 ლარი აქვს გადასახდელი. მისი თქმით, პარტიის რიგგარეშე ყრილობა უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩატარდება. “თარიღის შესახებ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოვილაპარაკებთ და უახლოეს მომავალში ნოღაიდელის პარტიიდან გარიცხვის საკითხს რიგგარეშე ყრილობაზეც დავაყენებთ”, - აღნიშნა ჯაბიძემ.