საზოგადოება
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

1-uvado-sazog-1საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა ადიგენში მამა-შვილს დავით და მირზა კუბლაშვილებს შელაპარაკება მოუვიდათ ბექა სირბილაძესთან, მის ძმასთან ბორის სირბილაძესთან, გიორგი სირბილაძესთან, ვაჟა ნარიმანიშვილთან და მამუკა სირბილაძესთან. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დავით და მირზა კუბლაშვილებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით კუბლაშვილმა შურისძიების მიზნით საკუთარი სახლიდან აიღო მისი კუთვნილი სანადირო თოფი და ბექა სირბილაძის, ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის მიმართულებით მოახდინა რვა გასროლა, რის შედეგადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ ბორის სირბილაძე, გიორგი სირბილაძე და ვაჟა ნარიმანიშვილი, ხოლო ბექა სირბილაძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.