დღეს თბილისის 11-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება
დღეს თბილისის 11-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. 12 დეკემბრამდე ფესტივალის ფარგლებში 19 ქვეყნის 100-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კინემატოგრაფიის დაახლოებას დასავლეთის კინოინდუსტრიასთან. კინოფესტივალზე აკრედიტებული იქნება ასამდე უცხოელი კინომოღვაწე - რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, კინომცოდნე, ფესტივალის მენეჯერი და ჟურნალისტები.
ფესტივალის ფარგლებში ცნობილი კინომოღვაწეები ახალგაზრდა კენემატროგრაფებს უფასო მასტერკლასებს ჩაუტარებენ. ფესტივალის მასპინძელი ტრადიციულად კინოთეატრი ,,რუსთაველი'' და ,,ამირანი” იქნება. ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი სერბი რეჟისორი ჟელიმირ ჟილნიკია. ის ბერლინის კინფესტივალის ორგზის პრიზიორია. ჟელიმირ ჟილნიკთან ერთად ფილმებს შეაფასებენ ცნობილი ირანელი რეჟისორი ჰანა მახმალბაფი, ბრიტანელი მსახიობი მარიამ დ’აბო, ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და რუსი რეჟისორი ელენე ხაზანოვა. ჟიური საკონკურსო ფილმებს ორ ნომინაციაში შეაფასებს - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი პრიზი - ვერცხლისა და ოქროს პრომეთე. ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს გარდა ჟიური ერთ გამორჩეულ ფილმს ხელოვნებისა და კულტურის საერთაშორისო ფონდის მიერ დაწესებულ ფარაჯანოვის სახელობის პრიზით დააჯილდოებს. კიდევ ერთ გამორჩეულ ფილმს კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადამიანის უფლებათა და მშვიდობის სპეციალური პრიზით დააჯილდოებს. დღეს ფესტივალს ქართველი რეჟისორის - ოთარ იოსელიანის ფილმი ,,შანტრაბა” გახსნის. ფესტივალი ალეკო ცაბაძის ფილმის ,,რენე მიდის ჰოლივუდში” პრემიერით დაიხურება.