სამართალი
შს სამინისტროს განცხადება: „საქართველომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები წარმატებით შეასრულა“

1-gancx-sam-2-GEOსაქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. შს სამინისტრო ავრცელებს განცხადებას საზღვრის კვეთის პროცესში ფოტოგადაღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა.

საზღვრის კვეთის დროს ფოტოსურათის გადაღება, რომელიც პერსონალური მონაცემების შეგროვების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, სტანდარტულად ხორციელდებოდა ყველა პირის მიმართ, რომელიც კვეთდა სახელმწიფო საზღვარს, ამასთან განსაზღვრული არ იყო ფოტო-გადაღების მიზანი და მონაცემთა შენახვის ვადა... პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა არსებული პრაქტიკა: კანონმდებლობით განისაზღვრა მონაცემთა შენახვის ვადა და ის შემთხვევები, როცა პირის იდენტიფიკაციის მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა მოქმედების განხორციელება, მათ შორის ფოტოგადაღება და სხვა სახის ბიომეტრული მონაცემების დამუშავება... აღნიშნული ცვლილებების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტთან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშში“.