პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა
საქართველო, 8 მაისი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ სტუმარს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა იმ ე.წ ხელშკრულების გამო, რომელიც რუსეთმა სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების ყველა პირობა მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ არღვევს საკვანძო დებულებათა უმრავლესობას.
პრემიერმა თხოვნით მიმართა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება და მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და ამ პროცესში ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.