უცხოეთი
საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში არ იგეგმება კონტაქტები სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს - სერჟ სარქისიანსა და ილჰამ ალიევს შორის, რომლებიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერი ტელეარხ „როსია-24“-თვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის აზრით, სომხეთი მიისწრაფვის რეგიონში სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ, თუმცა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ეს მიუღებელია.
ამასთან, პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხები არ შეიძლება მუდამ ერთმანეთს მტრობდნენ: „ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, ერთად ვებრძოდით ფაშიზმს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა გააცნობიერებს, რომ მტრობასა და ოკუპაციას ბოლო უნდა მოეღოს. მთავარი დაბრკოლება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის - სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებაა, რასაც არავითარი საფუძველი - არც ისტორიული, არც იურიდიული და არც პოლიტიკური - არ გააჩნია“.