სამართალი
შსს-მ პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ გავრცელების ფაქტზე 40 პირი გამოავლინა

porn-samart-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში 19 სხვადასხვა ვებგვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.

ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, შემოსავლის მიღებისა და ვებსაიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა. ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.