სამართალი
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები პოლიციის უფროსების მითითებით ცალ-ცალკე იზოლატორებში ჰყავთ მოთავსებული

kurka-samart-3საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 მაისს „სიტი პარკის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული თავისუფალი საქართველოს ლიდერები საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილნი და სასამართლო პროცესს ელიან.

პარტიის ინფორმაციით, კახა კუკავა და ბეჟან გუნავა, როგორც მძიმე კრიმინალის შემთხვევაშია მიღებული, ცალ-ცალკე იზოლატორებში ჰყავთ მოთავსებული. ეს არის ჩუღურეთის პოლიციის უფროსის - ბაქარ ბეგიაშვილის და საპატრულო პოლიციის უფროსის - დავით ცინარიძის პირდაპირი მითითება, რომლებიც ცდილობენ, ოპოზიციონერი ლიდერები სამაგალითოდ დასაჯონ ბოლოდროინდელი აქტივობების გამო.

პარტია 2 დღის მანძილზე ლიდერთა უკვე მეორედ დაკავებას პოლიტიკური დევნად აფასებს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დაკავებულნი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილე უპარტიო მოქალაქეები: ემზარ ბაქრაძე, შორენა ქიქოძე, გია გელაშვილი. პარტია მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც მონაწილეობას იღებდა „სიტი პარკის“ ბანდიტური ჯგუფის წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციაში და უკანონოდ დაკავებულ მომიტინგეებს სრულ თანადგომას ჰპირდება.