პოლიტიკა
საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისი იხსნება - თანამშრომლობის ახალი ეტაპის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა ისაუბრეს

polit-1საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს წარმომადგენლობით ოფისს საინვესტიციო მიზნების სრულად განხორციელებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის დასაფინანსებლად, ბანკმა დაახლოებით 380 მილიონი ევრო გამოყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვილჰელმ მოლტერერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.