ქართულ ავიაბაზარზე რუსული და ირანული ავიაკომპანიები შემოვლენ
წლის ბოლომდე საქართველოში ორი საერთაშორისო ავიაკომპანია - რუსული „ურალი“ და ირანული „ათეარი“ შემოვლენ. ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი „თავ ურბან ჯორჯია“ იტყობინება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში შეთანხმება კიდევ ოთხ ავიაკომპანიას გაუფორმდება, რომელთა შორის ორი იტალიური კომპანიაა –„მერიდიანი“ და „ალიტარია“, ხოლო დანარჩენი - ჩინური და ებრაული.
რამდენიმე კვირის წინათ „თავ ურბანმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ დაგეგმილ შემოსავალს ვერ იღებს. აეროპორტის გამტარიანობა 2 მლნ 500 ათას ადამიანზეა გაანგარიშებული, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 800 ათას მგზავრს ემსახურებიან. შესაბამისად, ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოყვანას ცდილობენ.
შეგახსენებთ, თბილისის აეროპორტმა ახალ ავიაკომპანიებთან ურთიერთობა ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე დაამყარა.