უცხოეთი
«Комсомольская правда»: „რუსეთის ქართველთა კავშირის“ წინამძღოლის ამბიციები: მიხეილ ხუბუტიას „საქმენი საგმირონი“

zarub-1-analit-9საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. „ამ დღეებში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ორგანიზაცია რუსეთის ქართველთა კავშირი" ადმინისტრაციულ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ეს მოხდა იმ შემოწმების შემდეგ, რომელმაც ორგანიზაციაში დარღვევების მთელი თაიგული გამოავლინა", - იუწყება 27 აპრილის რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა" (ავტორი - სერგეი პოლოსატოვი)

შემოწმებით დადგინდა, რომ „რუსეთის ქართველთა კავშირის" მიერ ოფიციალურად გაცხადებული 46 რეგიონული ორგანიზაციიდან მხოლოდ 34 არსებობს, თუმცა ისინიც თითქმის მხოლოდ ქაღალდზე ივლებიან. ძალიან ბევრმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ ისინი არანაირ „კავშირში" არ არიან გაწევრიანებულნი, თუმცა მათი გვარები რეგიონული ფილიალების სიაში ფიგურირებენ და ხელმძღვანელებადაც კი არიან გაფორმებულნი. ერთადერთი დადებითი შედეგი, რაც შემოწმებით გამოვლინდა, ისაა, რომ ორგანიზაცია ექსტრემისტული არ არის.

„რუსეთის ქართველთა კავშირს"  „საერთორუსული" სტატუსისადმი გამომშვიდობება  მოუწევს, ხოლო მისი ხელმძღვანელს მიხეილ ხუბუტიას - დარღვევების გამოსწორება. თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა იგი ამას, რადგან, როგორც ჩანს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულ სხვა საკითხებითაა დაკავებული.

რუსეთში ქართულ დიასპორას ბედი არ სწყალობს. ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინაშე თავს ასაღებს თავისი თანამემემულეების ხელმძღვანელად, ძალიან ძნელია, საზოგადოებრივ მოღვაწედ მიიჩნიო.

2007 წელს მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც წარმოშობით ქალაქ ზუგდიდინაა, ოპოზიციონერობა და მიხეილ სააკაშვილთან „ბრძოლა" გადაწყვიტა. ამ მიზნით მან შექმნა ორგანიზაცია „რუსეთის ქართველთა კავშირი" („საერთორუსული" სტატუსით), რომელსაც სათავეში თვითონვე ჩაუდგა და ქართველების წარმომადგენელი გახდა რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში.

უნდა ითქვას, რომ მოსკოვის ხელისუფლებისათვის მიხეილ ხუბუტია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იყო ცნობილი - იმ პერიოდში მან მოსკოვში იარაღის პირველი მაღაზია „კოლჩუგა" („ჯაჭვის პერანგი") გახსნა, რომელიც ქალაქის მაშინდელი მერის იური ლუჟკოვის კეთილგანწყობით მალე ნამდვილ სავაჭრო ქსელად გადაიქცა. გარდა ამისა, მოსკოვის ცენტრში მართვის უფლებით რამდენიმე ობიექტიც მიიღო.

2008 წელს მიხეილ ხუბუტია ნებაყოფლობით გადადგა „რუსეთის ქართველთა კავშირის" ლიდერის პოსტიდან და განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია წყვეტს მიხეილ სააკაშვილთან და მის რეჟიმთან ბრძოლას, თუმცა დიდ დროს არ გაუვლია და იგი კვლავ დაუბრუნდა თავმჯდომარის თანამდებობას, თითქოსდა არაფერი მომხდარაო. ამასთან, იგი ყველანაირად ცდილობდა, ხაზი გაესვა იმისათვის, რომ ძალიან დაახლოებული პიროვნებაა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ასე მაგალითად, გასული წლის გაზაფხულზე მიხეილ ხუბუტია თბილისში ჩავიდა თითქოსდა „საშუამავლო მისიით, რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის ორგანიზების მიზნით". მას თურმე შეხვედრაში მონაწილეობაც კი უნდოდა.

ნათქვამია, „დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო". 2014 წლის დეკემბერში მიხეილ მიხეილოვიჩი თბილისი რესტორანში სცემეს, სადაც იგი თავის მეგობრებთან ერთად იყო მისული. როგორც მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ამბობდა, „მომხდარი ფაქტი იმის შურისძიებააა, რომ მე ვლადიმირ პუტინთან ვარ დაახლოებულიო". სინამდვილეში კი ის მოხდა, რომ საკმაოდ შემთვრალი მიხეილი არ დაემორჩილა დაცვის თხოვნას და თავისი ამბიციების დემონსტრირება დაიწყო.

რაც შეეხება მიხეილ ხუბუტიას პრორუსულად განწყობას, ამ საქმეშიც ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის: ერთი წლის წინ, 2014 წლის მარტში „რუსეთის ქართველთა კავშირის" ხელმძღვანელმა ქართულ მასმედიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად თვლის.

როგორც ჩანს, ისეთი ხმების გავრცელება, რომ მიხეილ ხუბუტია ვითომდა რუსეთის ხელმძღვანელებთანაა დაახლოებული, მას ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის წარმოებაში ეხმარება. სხვაგვარად ძნელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძინა მან 2014 წლის ოქტომბერში კრემლთან ახლოს მდებარე «Гостиный Двор»-ის (ქარვასლის) შენობა 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით, სულ რაღაც 616 მილიონ რუბლად, როცა სასტარტო ფასი აუქციონზე მილიარდ 230 მილიონი რუბლი იყო? უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპეტენტური ორგანოები, უეჭველია,  ამ ისტორიით დაინტერესდებიან", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=63188&lang=1