საზოგადოება
არმაზ სანებლიძე: ვეთანხმები დიკენსს - „ამერიკის მისია სამყაროს გათახსირებაა!“

armaz-saz-2-anსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. არ გეგონოთ, რომ ეს წინადადება „ცივი ომის" დროინდელ პროპაგანდისტულ ყალიბში ჩამოსხმული დებულებაა, ანუ თეზისი იდეოლოგიური ინსტრუქციიდან, ამონარიდი ცეკას სახელმძღვანელო ცირკულარიდან; ან _ ანდრეი ალექსანდროვ-აგენტოვის - მაღალი რანგის რეფერენტისა და თანაშემწის ნაჯახირევი ფრაზა რომელიღაც გენერალური მდივნის მოხსენებაში ჩასაკვეხებლად.

არა და არა!

ეს დებულება - „ამერიკის მისია სამყაროს გათახსირებაა" - ეკუთვნის უდიდეს ინგლისელ მწერალთაგან ერთ-ერთს _ ჩარლზ ჯონ ჰაფერ დიკენსს.

ყოველ შემთხვევაში, მიაწერენ.

მაგალითად, ასეთ აზრზე დგას რუსულენოვან ელიტურ საზოგადოებაში მიღებული და დაფასებული კინოდრამატურგი, მხატვარი, რეჟისორი და მსახიობი ალექსანდრ ადაბაშიანი, რომელსაც ეს წინადადება ამოუკითხავს თავად ვოლკონსკის „მოგონებებში": „საიდან არის ეს ციტატა, თავად დიკენსმა დაწერა, თუ მის პერსონაჟთაგან რომელიმემ წარმოთქვა, ჩემთვის ცნობილი არ არის".

ამას ამბობს ადაბაშიანი. თავად ვოლკონსკის კი ეჭვი არ შეპარვია მის ავთენტურობაში, რადგან დიკენსის (თუ მისი პერსონაჟის) გამონათქვამი სრულად ესადაგებოდა გასული საუკუნის 20-იან წლებში ევროპულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ განწყობილებას: „მაშინ ევროპა ჯერ კიდევ ირონიულად და ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს ამერიკის ექსტრავაგანტურობას, ისეთი დაკვირვებით უყურებდა, როგორც ტრავმატოლოგი აკრობატს: იხტუნე, საყვარელო, იკუნტრუშე, ბოლოს მაინც ჩემთან მოცოცდები".

არ მიცოცებულა.

არც მუხლის თავები გადაუტყავებია, ჯინსის შარვალში ჩატენილი საკუთარი ფეხების.

პირიქით! პირიქით!

ევროპამ მოიზომა, მოირგო, ჩაიცვა, რადგან მოეწონა, რომელიღაც კლონდაიკელი ოქროსმაძიებლის მიერ სატომრე ჯვალოდან შეკერილი „სამუშაო უნიფორმა".

მარტო ევროპამ?

„მოხუცებულები, ბავშვები, ქალები, კაცები, იაპონელები, იტალიელები, შვედები, ნიგერიელები, კათოლიკეები, მუსლიმები, ბუდისტები, წარმართები, ყველა, როგორც ერთი, ჯინსებში გამოეწყო".

ჯინსებმა გადევნა ჩვენთვის ხილული სამყაროდან ჯერ „კლოში შარვლები" - ჩაფართხუნებული შავი ერთფეროვნება, შემდეგ - სტილიაგების „ბუთილკა" შარვლები, რომელთა სივიწროვეში ფეხების ჩატენვა ლამის აზიაცკებივით ტალკის დახმარებით იყო შესაძლებელი.

ჯინსებმა - ორიგინალურმა, თუ „ბოშების ბაზარზე" გამოტანილმა ჯღანებმა, დაიპყრო სამომხმარებლო სამყარო.

ისევე, როგორც „მაკდონალდსის" სწრაფი კვების ობიექტებმა, „ფასტ ფუდმა".

ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის, მთაწმინდის ფონზე აღიმართებოდა „მაკდონალდსის" პრეტენზიული სასახლე, როგორც დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა?!

ვერ წარმოვიდგენდით, მაგრამ აშენდა. აშენდა და შევეჩვიეთ კიდეც.

კი შეებრძოლა იმთავითვე ცხონებული გურამ შარაძე ასეთ ალოგიკურობას - ეგებ ჯობდესო ამ ადგილზე რუსთაველის მუზეუმის აგება.

ამაოდ!

გაპარტახებული იყო იმ დროს საქართველო და მუზეუმის აშენების სახსრების კი არა, ნისიად წამოღებული თურქმენეთის ბუნებრივი გაზის ვალი კისერზე ლოდივით ეკიდა, როგორც მდინარეში დასახრჩობად განწირულს.

ვერ გეტყვით, გამოდგება თუ არა გამამართლებელ არგუმენტად,  მაგრამ ფაქტია, რომ იმ სიდუხჭირეში „მაკდონალდსის" გარდა სხვა რეალური ინვესტორი საქართველოში შემოსვლას არც აპირებდა.

სხვა არავინ ჩანდა.

თორემ ვინ სულელს მოუვიდოდა აზრად ამ ადგილზე საზკვების რომელიმე ობიექტის დადგმა?! იყო ერთი გაჭირვებული რესტორანი „გემო" აქვე, აწ უკვე აღებული საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მაგრამ მისი „იატაკქვეშა" არსებობა ბოლშევიკების ავლაბრის არალეგალური სტამბის მსგავსად ქალაქის კოლორიტული შტრიხი უფრო იყო, ვიდრე თვალში გაჩხერილი სიმახინჯე.

შევეჩვიეთ-მეთქი „მაკდონალდსს", გითხარით.

მაგრამ მარტო ჩვენ, თბილისელები?!

ტრადიციების ერთგული ევროპაც „გადაძოვა". თუმცა ინგლისურ „პაბებს" ვერ მოერია.

ზემოთ უკვე ნახსენები ადაბაშიანი შენიშნავს, რომ ევროპაში პირველი „მაკდონალდსების" გამოჩენამ ყველა გაახალისა - გაკოტრდებიანო უცებვე! ცხვირი აიბზუეს ევროპელებმა: „განა რომელიმე ჩვენგანი, ვინც გავიზარდეთ ჩვენს მშობლიურ (იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ) სამზარეულოებზე საკუთარი ნებით მიირთმევს ფუნთუშას, რომელსაც შუაგულში სხვისი ნაღეჭი რეზინი აქვს ჩადებული?!"

ეროვნული პროტესტის დონეზე აჰყავდათ „მაკდონალდსის" მიუღებლობა.

შედეგად კი ევროპას მთელს სხეულზე ისე დააყარა ეს „ფასტფუდები", როგორც მუწუკები ახალწვეულის ცხვირზე - პარიზშიც, ელისეს მინდვრებზე, რომშიც, ესპანეთის მოედანზე და პაწია ქალაქების ქუჩების გასწვრივ.

მიჩნეულია, რომ წარმატებული ახლადგახსნილი რესტორანიც კი სამი წლის შემდეგ კოტრდება. მაგრამ „მაკდონალდსის" არსებობის მანძილზე არც ერთი რესტორანი არ დაუხურავთ.

სასწაულია?

არა. რადგან „მაკდონალდსი" ნებისმიერ ზარალიან თავის ობიექტს სხვა ათასობით მისდაგვართა მოგების ხარჯზე ინახავს.

როგორ ჰგავს „მაშველი რგოლის" ეს მეთოდი საბჭოთა კავშირის პერიოდში დოტაციური კოლმურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების შენარჩუნების პრაქტიკას.

ახალი ხომ არაფერია ამ მზისქვეშეთში!

ეს, რაც შეეხება მატერიალურ მხარეს. ახლა სულიერებასაც მივხედოთ, კულტურასა და ხელოვნებას, რომელიც ამერიკული მასკულტურის გავლენით საყოველთაო ნორმად იქნა აღიარებული და მსოფლიოში ეროვნული ნიჭიერების განმსაზღვრელადაც კი მოგვევლინა.

ძალიან ცდილობენ.

მაგალითები თვალწინ გვაქვს ყოველკვირეული „მაქსფაქტორების", „ნიჭიერების", შოუებისა და მეგაშოუების სახით, რომელთა ფორმაც კი (პროგრამებზე ვლაპარაკობ) აშშ ტელეპრაქტიკიდან გადმოღებულ-გადმოტანილია, ცხადია, შესაბამისი ანაზღაურებით.

შინაარსითაც.

ქართული აქ პროვინციული მიბაძვის უმაღლესი დონეა, ხშირ შემთხვევაში, კივილის რეგისტრამდე ამაღლებული.

ყველა ენაზე აჟივჟივდნენ მიუზიკლების, ჰიტებისა და საუნდრეკების ამერიკული ინტონაციებით.

ენების გამდიდრება ახალ ფაზაში შევიდა.

ჯერ გავიხსენოთ: „როცა მუსიკაში იტალია ლიდერობდა, მუსიკა იტალიურად „ალაპარაკდა" _ „ალეგრო", „პრესტო", „ვივაჩე"... (მხიარულად, სწრაფად, ცოცხლად...). საფრანგეთში ბალეტის აყვავებას მსოფლიოში ფრანგული ტერმინების დამკვიდრება მოჰყვა: „პა" „ნაბიჯია, ბატმან" - დაკაკუნება, „ფუეტე" ზმნაა, რომელიც „მათრახის ცემას" ნიშნავს, ჩიკორს რომ აბზრიალებს (ეგებ ვინმეს ახსოვს ბავშვების ეს გასართობი ბზრიალა).

საბჭოთა კოსმოსური ლიდერობიდან ენებში „სპუტნიკი" შემორჩა, პოლიტიკურიდან - „პერესტროიკა" და ...„კალაშნიკოვი".

ევროსაბჭომ ერთი ხანია „ტროიკა"(!) აიკვიატა.

საყველპურო ყოველდღიურობაში მაღაზიები „მარკეტებმა" შეცვალა, „ბუტიკებმა", ყიდვა - „შოპინგმა".

დღეს მსოფლიო ინგლისურად, „ამერიკულ ინგლისურ" ენაზე ლაპარაკობს: „მარკეტინგი", „მენეჯმენტი", „ბლოკბასტერი", „თრილერი", „როუდ-მუვი" და - მიდი, ვასია!

თვალებს გრიმს ვერ გაუკეთებ (თეატრალთა პოპულაციაში გავრცელებული გამოთქმაა), ენას კი ძვალი არ აქვს: „სეილი", „სეივი", „ასისტი", „სელფი" - გახსენ და მიუშვი! - ისეთი აჯაფსანდალია, ბაბაჯანას ქოშებივით ქართული ლექსიკის მდინარებაში რომ ჩაყარო, დატბორავს და აყროლდება.

სპორტულ პრესაში მოურიდებლად შემოიჭრა ტერმინი „მუნდიალი", რომელიც ფრანგებმა ფეხბურთში მსოფლიო პირველობის აღსანიშნავად გამოიყენეს - ვიმეორებ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად. ჩვენმა უნახავებმა კი სპორტის ყველა სახეობაზე გაავრცელეს.

„გაათანამედროვეს" თავიანთი ლექსიკური მარაგი! „გაამდიდრეს" პირველწყაროს მნიშვნელობა! ხოლო ამ სიტყვის ფუძეს მეგრულიდან ქართულად ნუ მათარგმნინებთ, უხერხულია.

ანუ იმ დონის უზრდელობაა, „რუსთავი-2"-ის „ვანოს შოუში" ანრი ჯოხაძემ რომ იკადრა გასულ პარასკევს...

ასეთი ენობრივი კაზუსები, ცალკეული ფაქტებია, სლენგისთვის დამახასიათებელი. უბედურება სისტემაა, რომელიც ენისა და ცხოვრების წესის გამალებულ ამერიკანიზაციაშია გამოხატული.

რა არის ასეთი გლობალური გავლენის მიზეზი?

მუვუსმინოთ ანალიტიკოსებს, რომლებიც ერთმანეთს ეთანხმებიან, რომ ამის უპირველესი მიზეზი არის აშშ ძლიერი ეკონომიკა და მისი აღმატებული სამხედრო-ეკონომიკური კომპლექსი.

მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ისტორიის მანძილზე არანაკლებ წარმატებულმა იმპერიებმა (პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) ვერ მოახერხეს თავიანთი კოლონიების იმ ზომამდე ასიმილირება, რაიც აშშ-მ დამოუკიდებელ ქვეყნებში (კოლონიებთან შედარებით დამოუკიდებელ სახელმწიფოებში) შეძლო.

მაშ, რა მოხდა?

ისტორიკოსები და, მათ შორის, ავტორიც, რომელიც უკვე რამდენჯერმე დავიმოწმე, დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ევროპელად ჩამოყალიბებას სჭირდება წლები. ჭეშმარიტი ინგლისელობის მისაღწევად აუცილებელია უდიდესი მოცულობის ცოდნის ათვისება, ჩვევებისა და პირობითობათა მთელი სისტემის შესისხლხორცება... საკუთარ მეორე ბუნებად ამ ყველაფრის გათავისება.

თვალსაჩინოებისთვის განგვიმარტავენ, რომ, მაგალითად, იტალიური აღორძინების ფერწერა შეიძლება გაიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეისწავლი რომაულ მითოლოგიას, ბიბლიას, ისტორიას.

ასე თუ ისე მაინც.

და კიდევ უფრო გასაგებად: „ევროპული კულტურა, როგორც თანატოლებს, ელაპარაკება მხოლოდ ხანდაზმულ, ცოდნით დამძიმებულ ადამიანებს, ვისთვისაც გასაგებია ასოცირებული აზროვნება, მინიშნება, ხელოვნების ენის კოდი".

მხატვრულ, მეტაფორულ აზროვნებაზეა ლაპარაკი, რომელიც „რანკოვიჩ-ლომაიას ხროვის" მიერ „რეფორმირებული" ქართული საგანმანათლებლო სისტემაგამოვლილი თაობისთვის დაუძლეველ წინაღობად არის აღმართული.

თუ ამ აზროვნებისა ვერაფერი გაიგო კომპიუტერსა და ინგლისურს დაუფლებულმა თაობამ, მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე!

ჩვენი უბედურებაა, და ხელი გინდა ამერიკისკენ გაიშვირე, გინდა ბანგლადეშისკენ, გინდა ევროკავშირის ფაფით სავსე ჯამი და „პურის საზეიმო ულუფა" მოგაწოდონ  ორი მთელი და ერთ მეოთხედი უნციის ოდენობით.

„ამ საოცარი სანახაობით შეძრული ოლივერი საცოდავად ატირდა: გაიფიქრა, და ეს სავსებით ბუნებრივი იყო, რომ საბჭომ რაღაც სასარგებლო მიზნების მისაღწევად მისი მოკვლა გადაწყვიტა, სხვა არაფრის გამო თავს არ გამოიდებდნენ მის გასასუქებლად.

- ნუ ტირი, ოლივერ, თორემ თვალები გაგიწითლდება. ჭამე შენი ფაფა და მადლობელი იყავი! - თქვა მისტერ ბამბლმა, - ...სასწავლებლად უნდა მიგაბარონ, ოლივერ.

- სასწავლებლად, სერ? - შეეკითხა აკანკალებული ოლივერი.

- დიახ, ოლივერ, - თქვა მისტერ ბამბლმა, - კეთილ და მოწყალე ჯენტლმენებს, რომლებიც მშობლების მაგივრობას გიწევენ, ოლივერ, რადგან საკუთარი არ გყავს, სურთ სასწავლებლად შენი მიბარება, შენი ფეხზე დაყენება, და შენგან ადამიანის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მრევლს სამი ფუნტი და ათი შილინგი დაუჯდება!..

...ცრემლის ნაკადები ჩამოუწანწკარდა ლოყებზე საწყალ ბიჭს და მწარედ აქვითინდა იგი.

- გეყოფა, - თქვა მისტერ ბამბლმა..., - მოიწმინდე თვალები ქურთუკის კოშით და ნუ აწვეთებ ცრემლს ფაფაში. დიდი უგნურებაა ეს, ოლივერ.

ეს მართლაც უგნურება იყო, რადგან ფაფაში წყალი ისედაც საკმარისად იყო". (ჩარლზ დიკენსი, „ოლივერ ტვისტის თავგადასავალი").

რა მინიშნებაა დაშიფრული ამ ნაწყვეტში, განათლებულ მკითხველს განმარტება არ სჭირდება: სამადლოდ მოწოდებული ფაფის დანახვაზე ჩვენცა გვდის ქვეშევმრდომლური ერთგულების ცრემლები.

ფაფა კი წყალწყალაა!

წყარო: reportiori.ge