პოლიტიკა
გიგლა ბარამიძე: “არ მაინტერესებს, რას ისაუბრებდნენ ფუჟერებით ხელში სააკაშვილი და უსუფაშვილ-ხიდაშელი!”

gigla-pol-3-anსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოყვა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ მასალას, რომელიც იუწყება, რომ დავით უსუფაშვილი მეუღლესთან ერთად „ლუტერანსკაიას” ქუჩის 17 ნომერში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სტატიაში მათი დიალოგის ფარული ჩანაწერიცაა გამოქვეყნებული.

„დიალოგი რომც არ დაბეჭდილიყო, ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი შეხვედრა შედგებოდა”, - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა, ყოფილმა პოლიტდევნილმა გიგლა ბარამიძემ “ფოსტალიონთან” საუბრისას.

მე არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს ფარული ჩანაწერი სიმართლეს. სააკაშვილის უტიფარი ხასიათიდან გამომდინარე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ თვითონ მიადგა სალაპარაკოდ და მერე თავადვე გაავრცელა ეს დიალოგი. თუმცა ყველამ ვიცით, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად, სწორედ რესპუბლიკელებს მიუძღვით დიდი წვლილი იმაში, რომ ნაციონალები კიდევ არსებობენ. როცა გაჩნდა სერიოზული “საშიშროება” იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ გამქრალიყო პოლიტიკური სივრციდან, სწორედ უსუფაშვილი მისტიროდა მათ და ამბობდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ პარტიის გადასარჩენადო. კიევში შეხვედრის შანსსაც ხელიდან არ გაუშვებდა.

სიმართლე გითხრათ დიდად არც მაინტერესებს, რას ისაუბრებდნენ ფუჟერებით ხელში სააკაშვილი და უსუფაშვილ-ხიდაშელი. მათ თავისი ურთიერთობის ლუსტრაცია უკვე დიდი ხანია მოახდინეს. იმდენად არ მაინტერესებს, რომ არც წამიკითხავს დიალოგი. ჩვენთვის პრობლემა არ არის იმის გარკვევა, სიმართლეა თუ არა ეს. ჩვენი წყაროების მეშვეობით სააკაშვილის ყოველი ნაბიჯი შეგვიძლია გავიგოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავის შეწუხებად არ ღირს, ამისთვის არც დრო გვაქვს და არც სურვილი”, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.