პოლიტიკა
"ჩვენ თვითონ" თბილისის მერიისგან მოსახლეობისთვის მგზავრობის გაძვირების გადაწყვეტილების მიზეზების ახსნას მოითხოვს

chven-tvitonპარტიის "ჩვენ თვითონ" ახალგაზრდული ორგანიზაცია თბილისის მერიისგან და საკრებულოსგან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების გადაწყვეტილების მიზეზების მოსახლეობისთვის ახსნას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს დედაქალაქის საკრებულოს შენობასთან აქცია-ბრიფინგი გამართა. "ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილების არგუმენტებით გამყარება არ ხდება, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების საჭიროებას საკმაოდ საეჭვოს ხდის. გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო მოსახლეობისთვის ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო, რომ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი აცხადებენ, მსოფლიოს პრაქტიკულად არც ერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მოგებას არ იძლევაო?! 31 მაისის არჩევნების წინ თბილისის მერი და სხვა მაღალჩინოსნები ჩვენს მოქალაქეებს ლამის ოცნების კოშკების აშენებას ჰპირდებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო დაპირებების საკმაოდ დიდ ნაწილს აღსრულება არ უწერია", - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ბარბაქაძემ.