პოლიტიკა
რა უნდა ნოღაიდელს ოქრუაშვილისგან

nogha-oqroზურაბ ნოღაიდელი ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებასa და საერთო ენის გამონახვას ცდილობს. მოსკოვში მყოფი ექსპრემიერი ევროპაში გამგზავრებასა და ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას ისევ აპირებს.
ზურაბ ნოღაიდელი აქამდეც ცდილობდა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დაახლოებას, მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებდა. ოქრუაშვილთან საერთო ენის გამონახვა ნოღაიდელზე ადრე ნინო ბურჯანაძემ მოახერხა, თუმცა ამჟამად ბურჯანაძე და ოქრუაშვილი ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ისინი საჯარო კრიტიკაზეც აღარ ამბობენ უარს.
პარიზში მყოფი ოქრუაშვილის მენტორულმა განცხადებებმა, რომლებიც სახალხო კრების „ჩაფლავებას“ შეეხება, ბურჯანაძეს ნერვები აუშალა.
როგორც ამბობენ, ნინო ბურჯანაძეს ოქრუაშვილისთვის შეუთვლია, პირი არ გამაღებინოო. რა აქვს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე სათქმელი, მაშინ გაირკვევა, როცა ბურჯანაძე ალაპარაკდება. ისე, სათქმელი, ალბათ, ოქრუაშვილსაც ექნება, რადგან მასაც არაერთი ინფორმაცია აქვს ბურჯანაძე-ბიწაძის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ირაკლი ოქრუაშვილს ამ დღეებში პარტიული საქმეები ჰქონდა, რადგან "ქართული პარტიის" ლიდერები ევროპაში იმყოფებოდნენ.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თანათავმჯდომარეები - ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძე და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ევროპაში სტრატეგიულ სესიას მართავდნენ. ამ საქმეების მოთავების შემდეგ, ოქრუაშვილი, ალბათ, ყოფილ პრემიერთან სასაუბროდ მოიცლის. რა უნდა ნოღაიდელს და რაზე შეიძლება შეთანხმდეს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯერჯერობით უცნობია.