საზოგადოება
საქართველო პატრიარქი - ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს: „გვიხარია, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამოცდილებას უზიარებთ!“

1belar-saz-2-religსაქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტი  ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.

"ბევრი გვსმენია თქვენზე და გვიხარია, რომ საქართველოში ჩამოხვედით და შეგიძლიათ, ჩვენს ხელისუფლებას თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ. კარგად ვიცნობთ ბელარუსს, მის ისტორიას, კულტურასა და იმ მიღწევებს, რასაც თქვენი მმართველობისას მიაღწიეთ. ვაცნობიერებთ თქვენი ვიზიტის მნიშვნელობას. ვფიქრობთ, ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას", - თქვა პატრიარქმა.

"ჩვენი ერები ყოველთვის ახლობელი იყვნენ და თქვენი ტკივილი საქართველოს მთლიანობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ახლოა. არ ჩავუღრმავდები ამ საკითხის ისტორიას, თქვენ ის კარგად იცით, ასევე ჩვენი პოზიციაც. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყოს ეს დღეები და ისტორიის გვერდი გადაფურცლოს. სამწუხაროა, რომ ჩვენ - მართლმადიდებელ ერებს ეს ფურცლები გაგვიჩნდა. მაგრამ ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ, ყველაფერი კარგად გვესმის და მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. ჩვენ შევთანხმდით თქვენს ხელისუფლებასთან, რომ უახლოეს მომავალში მაქსიმალური ძალისხმევით შევეცდებით, გადავლახოთ ეს მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ ამის ძალა გვაქვს", - უთხრა პატრიარქს ლუკაშენკომ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. იმავე დღეს საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ერთად ალექსანდრე ლუკაშენკომ და ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციამ სამების საკათედრო ტაძარი მოილოცეს.

1belar-saz-2-1 1belar-saz-2-2 1belar-saz-2-3