სამართალი
„იქნება ხმაურიანი დაჭერები, შესაძლოა ზვიად ზანყარაშვილი და დავით შავლიაშვილი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში”

axali-samart-2საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ "პირველ რადიოსთან" საუბრისას გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, დავით შავლიაშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრობიდან საკუთარი სურვილით გადადგომა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

აიძულეს, რომ წასულიყო თანამდებობიდან. დღეისათვის უკვე ვიცით, რომ გათავისუფლებულია ყველა მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილმა განცხადებაც გააკეთა, რომ ტენდერების საკითხი კვლავ გასარკვევია... შავლიაშვილის მინისტრობის პერიოდში უკრაინულმა კომპანია "ალტკომ"-მა მოიგო გრიგოლეთში ავტობანის მშენებლობის 150-მილიონიანი ტენდერი. მას გადაურიცხეს წინასწარ ავანსის სახით 43 მილიონი ლარი, რაც იმ დროის კურსით იყო 22 მილიონი ევრო. კომპანია "ალტკომმა" სრულად ეს თანხა გაიტანა ქვეყნის გარეთ და სამუშაოები არც კი დაწყებულა. მიზეზად დასახელდა ის, რომ მათი ტექნიკა დონეცკში დარჩა უკრაინის ცნობილი მოვლენების გამო, მაგრამ... სინამდვილეში საკუთარი ტექნიკა მათ გადასროლილი ჰქონდათ თურქმენეთში, სადაც ისინი ასრულებდნენ ერთ-ერთ მოგებულ ტენდერს. დღეის მდგომარეობით ეს 43 მილიონი ლარი არის დაკარგული... გამომდინარე აქედან, მე სრულიად ლოგიკურად ვამბობ, რომ აუცილებლად იქნება ხმაურიანი დაჭერები... მე არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი კატასტროფული მდგომარეობიდან გამომდინარე, ზვიად ზანყარაშვილი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ის ფაქტი რაც კომპანია "ალტკომს" უკავშირდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის სახელმწიფო სახსრების უკანონოდ განკარგვა. ეს თანხები გაცემულია უშუალოდ მინისტრ შავლიაშვილის ხელმოწერით",- განაცხადა ელისო კილაძემ.