ჯონ ტეფტი სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს საქართველოს მხრიდან იარაღის შეძენის გამძაფრებულ სურვილს
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის - ჯონ ტეფტის შეფასებით, ძლიერი ოპოზიციის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო ძლიერი გახდა, მაგრამ ამასთანვე - უფრო მოწყალე. როგორც გაზეთი „მონდი“ „ვიკილიკსის“ მასალებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის ელჩი ამ ფაქტს სააკაშვილის შიშებით ხსნის.
„მას თრგუნავს იმის შიში, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვის გამო მას ისტორია გაასამართლებს. გარდა ამისა, ის საკუთარ თავს ეკითხება, ხომ არ არის ჩვენი ზომიერი მიდგომა თავდაცვითი თანამშრომლობის მიმართ და ჩვენი პარტნიორობა მოსკოვთან აშშ-ის ინტერესების კიდევ უფრო ღრმა ცვლილების ნიშანი“, - წერს აშშ-ის ელჩი თავის ადმინისტრაციას ვაშინგტონში. ტეფტი სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს საქართველოს მხრიდან იარაღის შეძენის გამძაფრებულ სურვილს. „საქართველოს ზედმეტად აქვს აკვიატებული იარაღის შეძენის იდეა, რაც მისთვის შიშის ერთგვარი ანტიდოტია“, – ნათქვამია საელჩოს 2010 წლის 18 თებერვლის შეტყობინებაში.