საზოგადოება
მაღლაკში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა

ivan-estrabამ დღეებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, წყალტუბო-ფარცხანაყანევის ავტომაგისტრალის ახლოს, იმერეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროექტის ფარგლებში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დოვლათი“, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში “ მიერ. გახსნას ესწრებოდა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან ესტრაბი.
პროექტის ღირებულება 60 ათასი ლარია. 150 კვადრატული მეტრის ფართის საწარმო-შენობა შედგება მიმღები, გამაცივებელი და დასაფასოებელი განყოფილებებისაგან. ორ თერმოიზოლირებულ სამაცივრო დანადგარში შესაძლებელია 30 ტონამდე სასოფლო- სამეურნეო პროდუქტის შენახვა. მუშაობის პირველ წელს ნავარაუდევია  150 ტონა პროდუქციის გაყიდვა. საამისოდ არსებობს კარგი წინაპირობები: მებოსტნეობის სოფლებთან სიახლოვე, სათბურების სიჭარბე, გასაღების არხები არა მარტო ადგილობრივ  ბაზარზე, არამედ  ქვეყნის გარეთაც.
ადგილობრივი მოსახლეობა იმედიანად შეხვდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნას, რომლის მიზანი ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის შესყიდვა, შენახვა და რეალიზაციაა. გლეხები ფიქრობენ, რომ ეს  მათი შემოსავლისა და დასაქმების წყარო გახდება.