აქტუალური
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდა
1-iacen-aqtual-1საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას საერთო პრობლემები აქვს და საქართველომ და უკრაინამ განსაკუთრებულად უნდა ითანამშრომლონ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას არა მარტო საერთო პრობლემები, არამედ საერთო მიზნები და საერთო საგარეო ორიენტირები აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, მსოფლიომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ წარმოებულ პოლიტიკას სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო, რის გამოც უკრაინაში მსგავსი მოვლენები განმეორდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა განვითარდეს ინსტიტუციური კავშირები და მოხდეს გამოცდილების გაცვლა. მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ერთმანეთს განვითარებაში. ,,ჩვენ ვგრძნობთ უკრაინელი ხალხის და პირადად თქვენს მხარდაჭერას“,- მიმართა დავით უსუფაშვილმა არსენი იაცენიუკს.
ქართული მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, უსუფაშვილის მეუღლე - თინათინ ხიდაშელი, გიორგი ვაშაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში გუშინ დასრულდა.