საზოგადოება
ეინარს გრაუდინში: “ევროკავშირში ინტეგრაციამ ლატვიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა”

1-einars-saz-3-an-5საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მოსახლეობა უკეთესი მომავლის იმედით ელის ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას. უკვე ათი წელიწადია, ლატვია ამ ორგანიზაციების წევრია, როგორ აისახა ბალტიისპირეთის ქვეყნების, კერძოდ კი, ლატვიის მოსახლეობის კეთილდღეობაზე აღნიშნული ორგანიზაციების წევრობა? - ამ საკითხზე საქართველო და მსოფლიოს ლატვიელი პოლიტოლოგი ეინარს გრაუდინში ესაუბრა.

- უკვე ათი წელიწადია, ლატვია ნატოსა და ევროკავშირის წევრია. რა შეგიძლიათ, თქვათ, ლატვიის გამოცდილებიდან გამომდინარე, რა პლუსები აქვს აღნიშნული ორგანიზაციების წევრობას?

- დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში ლატვიის გაწევრებისას ეროვნული რეფერენდუმის შედეგები ფალსიფიცირებული იყო. ეს ჩემი აზრია, ვინაიდან, ვისაც კი ვესაუბრე, ყველა ამბობდა, რომ ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგ მისცა ხმა, თუმცა სრულიად საპირისპირო შედეგი მივიღეთ. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, თითქოს მთელმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობას დაუჭირა მხარი.

მიმაჩნია, ევროკავშირში ინტეგრაციამ ლატვიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მძიმე სოციალ-ეკონომიკურ ვითარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მან გზა გაუხსნა არნახულ მასობრივ ემიგრაციას, როგორიც ქვეყანაში არასდროს ყოფილა და დღეს ევროკავშირის წევრობის წყალობით, იმის წყალობით, რომ ევროკავშირის ძველი წევრი ქვეყნების მცხოვრებთა შემოსავლებსა და ლატვიის მოსახლეობის შემოსავლებს შორის არნახული განსხვავებაა, ჩვენ არა მხოლოდ შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დავკარგეთ, არამედ, რაც ყველაზე საშიშია, ვკარგავთ ახალგაზრდებს. ფაქტობროვად, ლატვია ახალგაზრების 90%-ს კარგავს. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ ქვეყანას მომავალი არ აქვს და აღარც ექნება. სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია.

რაც შეეხება ნატოს, ეს ალიანსი ახალი წევრების მიმართ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ დონეზე იღებს. მე, როგორც ყოფილმა ოფიცერმა, შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ლატვიას ნატოს წევრობით არაფერი მოუგია. პირიქით, ჩვენი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცის როლს ასრულებენ, დაწყებული იუგოსლავიიდან _ ერაყითა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებით დასრულებული, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით იბრძვიან.

ამას გარდა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ორი-სამი წელიწადია, ლატვიის ტერიტორიას ამერიკელები აქტიურად იყენებენ სამხედრო პლაცდარმის შესაქმნელად, რომელიც მათ რუსეთთან ომის დაწყების შემთხვევაში დასჭირდებათ.

- საქართველოში ნატო უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევა, თქვენი ქვეყნის მაგალითიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ თქვათ?

- ნატო არანაირი უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევა, ვინაიდან ნატოში ამერიკელები წყვეტენ ყველაფერს და საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნით. კარგად იცით, რა დაძაბული ვითარებაცაა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ყველა ახალ ქვეყანას (როგორც ისინი უწოდებენ ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს, მოლდოვას და ა.შ.), რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ისინი სამხედრო ბაზების განსათავსებლად გამოიყენებენ.

უნდა ვაცნობიერებდეთ: თუ იქნება საომარი კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის, რუსეთის მხრიდანაც მოსალოდნელი იქნება საპასუხო დარტმა, მათ შორის, ატომური დარტმა და ამ შემთხვევაში, ავტომატურად ვხდებით სამიზნეები. ჩვენ, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, რუსეთის მხრიდან საპასუხო დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდებით, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენ სიტუაციის მძევლები ვართ. ვფიქრობ, ლატვიას 1990-იანი წლებიდანვე ნეიტრალიტეტის გზა უნდა აერჩია, ეს იქნებოდა ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება. ლატვია არ უნდა შესულიყო ნატოსა და ევროკავშირში და არანაირ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

- საქართველოს, უკვე დიდი ხანია, ნატოს წევრობა სურს. აქვს კი საქართველოს ნატოში მიღების შანსი?

- დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნატოში შესვლის რეალური შანსი არ აქვს. თუ ნატოს ძირითად დოკუმენტს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ იქ მკაფიოდაა ნათქვამი _ ქვეყანას რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები აქვს რომელიმე ქვეყანასთან, არ შეუძლია გახდეს ნატოს წევრი. შესაბამისად, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პრობლემების გამო, საქართველოს იურიდიულად, უბრალოდ, არ შეუძლია ნატოს წევრობა, ვიდრე ეს ტერიტორიული პრობლემები არ მოგვარდება.

- პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ მწვავეა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რა ვითარებაა ამ მხრივ ლატვიაში?

- ლატვიაში ეკონომიკური ვითარება ძალიან მძიმეა. სოციალური და ეკონომიკური პრობლემები რომ გადაჭრა, მოგეხსენებათ, ფულია საჭირო. ხოლო იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ფული, აუცილებელია სამუშაო ადგილები, მაგრამ საკითხავია, როგორ იქნება ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როდესაც მოსახლეობა ქვეყნიდან მიდის?!

თუ არ არის სამუშაო ადგილები და არ არის მოსახლეობა, ბუნებრივია, ბიუჯეტში თანხაც არ შედის, რადგან გადასახადებს არავინ იხდის. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ვერც ეკონომიკა და ვერც სოციალური პოლიტიკა ვერ იარსებებს. ლატვიაში დღეს სოფლები იცლება, ოჯახები ყიდიან ყველაფერს და სამშობლოდან სამუდამოდ მიდიან. ასეთ ვითარებაში კი ქვეყანაში ეკონომიკა ან კულტურა როგორ უნდა განვითარდეს?! ასე რომ, სიტუაცია ძალიან დაძაბული და მძიმეა.

ლატვიის მოსახლეობის 10%-ს არანაირი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება არ აქვს. ამას ემატება ისიც, რომ სამედიცინო ინსტიტუტების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სასწავლებლის დასრულებისთანავე მიდის ევროპაში, რის შედეგადაც, სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო, ლატვია წელიწადში 6 ათას სიცოცხლეს კარგავს. ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი რიცხვია.

- დღეს მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიმპყრობილი. როგორ აფასებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს?

- ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, უკრაინის ბრალი არ არის. უკრაინაში მიმდინარეობს გლობალური წინააღმდეგობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. აშშ სტანდარტული ამერიკული სქემის მეშვეობით ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე. ამერიკელები არასდროს არაფერს აკეთებენ საკუთარი ხელით, ისინი ყოველთვის სხვა ქვეყნებს იყენებენ.

თუმცა, თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მიმაჩნია, რომ ამერიკელებისთვის რუსეთი მაინც არ არის მთავარი სამიზნე. ამერიკის შეერთებული შტატების საბოლოო და მთავარი მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განადგურებაა. აშშ-ს სურს, გაანადგუროს ჩინეთი, როგორც მისი მთავარი მეტოქე, რომელმაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, თუნდაც გასული წლის საერთაშორისო ფონდის მონაცემებით, აშშ-ის მონაცემებს გადააჭარბა. ასე რომ, ეს არის მრავალმიზნიანი კომბინაცია, ხოლო უკრაინელების ნაციონალიზმს, მათ ნაციონალურ გრძნობებს ამ კონფლიქტში, უბრალოდ, იყენებენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი